ამ დროისთვის თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 107-ია. ისინი იზოლატორებში არიან გადაყვანილი. უფლებადამცველები აცხადებენ, ყველა დაკავებული ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.
სპეცრაზმის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები დროდადრო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ერთ-ერთი ასეთი კადრი დღეს გამთენიისას გადაიღო „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა თეონა ჭალიძემ.
ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც წაქცეულია, აღენიშნება დაზიანებები სახეზე და სპეცრაზმის თანამშრომლები მას უსწორდებიან ფიზიკურად.
„ნუ ურტყამთ, გამოიძახეთ სასწრაფო!" - ისმის ჭალიძის ხმა ვიდეოში, რომელიც უმძიმესი სანახავია.
ბიჭი, რომელიც კადრებზეა აღბეჭდილი 23 წლის ზვიად მაისაშვილია. მისი მშობლები დიღმის იზოლატორთან გამთენიას მივიდნენ.
„ქუჩაში რომ აგდია, დიდი თმებითა და ულვაშით შვილი და დაგდებულს რომ შავებში ჩაცმული პოლიციელი სახეში წიხლს ურტყამს, იმ ბიჭის დედა ვარ, ახლა ვნახე კადრები, არ მაჩვენებდნენ, მიფრთხილდებოდნენ", - ამბობს ელენე ჯანჯალია „რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.
არსებული ინფორმაციით, ზვიად მაისაშვილი ინგოროყვას კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. მას ცხვირი აქვს გატეხილი. ეტყობა სისხლჩაქცევების კვალი სახეზე და დაზიანებები ტანზე.
„დილით დაახლოებით 5 საათისთვის შემოყვანილი იქნა, 23 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა ცხვირის ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობა. მოხდა თაბაშირის ნახვევით და ცხვირში ტამპონაჟით მოტეხილი ფრაგმენტების ფიქსაცია. დაზიანებები არის ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ექსკორიაციები რბილ ქსოვილებზე, კანქვეშა სისხლ ნაჟღენთების სახის არეში. ამ წუთას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დარჩება ორშაბათამდე მეთვალყურეობის ქვეშ. უნდა მოხდეს 14 დღის განმავლობაში თაბაშირის დატოვება, შემდგომ ყბა-სახის ქირურგი გადაწყვეტს მის მდგომარეობას", - ამბობს ექიმი.