არცერთ განცხადებას, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი ფასი არ აქვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „მთელმა ქვეყანამ დაინახა, როგორ ჩატარდა არჩევნები".
„ჰელსინკის კომისიის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ არჩევნების წინ მოვისმინეთ, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ. არცერთ განცხადებას, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი ფასი არ აქვს. მთელმა ქვეყანამ დაინახა, როგორ ჩატარდა არჩევნები - ღიად, გამჭვირვალედ. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის განცხადება, სადაც პირდაპირ და ნათლად არის ნათქვამი, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული, ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, მთელი კამპანიის განმავლობაში იყო სიმშვიდე, ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა კამპანიის ჩატარების საშუალება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გაიხსნას მეორე ფრონტი, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული და არ მოხდეს ის პროცესები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. ხალხმა აირჩია მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის განვითარება და ღირსეული ევროპული მომავალი", - განაცხადა კახა კალაძემ.