რეზონანსი
30.11.2024

ოთხი ოპოზიციური გაერთიანება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვითარებიდან გამოსავალი საერთაშორისო ჩართულობით ახალი არჩევნების ჩატარებაა.

განცხადების თანახმად, პარტიები აღნიშნავენ, რომ თანამშრომლობის რეჟიმში დახმარებას აღმოუჩენენ დემონსტრანტებს.

„ქართველი ხალხის ლეგიტიმური მანდატის მქონე კოალიციები/პარტიები ერთად ვუპირისპირდებით „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმს და მის მიერ ორგანიზებულ სისტემურ ძალადობას მშვიდობიანი მანიფესტანტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ყველა დაკავებული დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ერთობლივი, კოორდინირებული ძალისხმევით ვიბრძვით ქუჩაში ქართველ ხალხთან ერთად ჩვენი საერთო სახელმწიფოს გადასარჩენად. თანამშრომლობის რეჟიმში ვთანხმდებით, რომ ქმედით დახმარებას აღმოვუჩენთ დემონსტრანტებს, მათ შორის სამართლებრივი, საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერით.

შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან გამოსავალია ახალი არჩევნების ჩატარება საერთაშორისო ჩართულობით, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის და პოლიტიკურად ნეიტრალური სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო უწყებების პირობებში.

ერთად მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისტემური ძალადობა, გააკეთონ მკაფიო განცხადებები მიტაცებული არჩევნების შედეგების არ აღიარების თაობაზე და გადადგან ქმედითი საპასუხო ნაბიჯები. ჩვენი ბრძოლა საერთოა და ის ქართული დემოკრატიის და მისი ევროპული პერსპექტივის გამარჯვებამდე გაგრძელდება“, – ნათქვამია პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×