რეზონანსი
30.11.2024

პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სუს-ი მოუწოდებს საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს, „გამოიჩინონ სიფრთხილე და ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დაგეგმილი პროვოკაციის მონაწილე“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყება ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და აცხადებს, რომ დესტრუქციული ქმედებების განხორციელება განხილული იქნება მიმდინარე საქმის ფარგლებში.

„ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, რის შესახებაც წინმსწრებად არაერთხელ ვაცნობეთ საზოგადოებას.

ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის დანაშაულებრივი სცენარის და მისი განხორციელების თაობაზე, ჩვენ არაერთხელ გავუზიარეთ საზოგადოებას საქმეზე დართული მტკიცებულებების ნაწილი, რომელთა მოპოვება განხორციელდა საქმეზე ჩატარებული რიგი საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის მოწმეთა დაკითხვით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება.

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დაგეგმილი პროვოკაციის მონაწილე. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვაცხადებთ, რომ დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, გამოძიების მიერ, განხილული იქნება მიმდინარე საქმის ფარგლებში.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით," - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×