რეზონანსი
30.11.2024

ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ: 

"ჩვენ, 2008 წლის ომის გმირების ოჯახის წევრები  თავს მოვალედ მივიჩნევთ დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე სამწუხარო პროცესებზე. 

ფაქტია, რომ ათწლეულების ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,  ჩიხშია შესული.

ფაქტია, რომ ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კარგავენ ერთმანეთს,  აყენებენ შეურაცხყოფას...ეს არ არის ჯანსაღი გარემო.

ფაქტია, რომ მომავალი თაობა, ახალგაზრდები,   მათი მშობლებიც,  ამაზე ძალიან ვწუხვართ, არის პროტესტი.

თითოეულ მოქალაქეს, არა მხოლოდ უფლება, მოვალეობაც აქვს,  იზრუნოს თავის ქვეყნის სწორ განვითარებაზე,  გააპროტესტოს ყველაფერი, რაც ქვეყნის ცივილიზაციურ მომავალს დაბრკოლებას უქმნის.

მათ ამაში ვერავინ და ვერაფერმა უნდა შეუშალოს ხელი. კონსტიტუცია და მისგან მონიჭებული უფლება-მოვალეობა, ყველაფერზე მაღლა დგას, რადგან მისი დაცვაა  სწორედ სახელმწიფოს არსებობის  ქვაკუთხედი.

 პასუხისმგებელობაა ისიც, რომ როცა ქვეყნისთვის  უმნიშვნელოვანესი პროცესი სწორად არ, თუ ვერ წარიმართა,  ადამიანებს მიეცეთ საშუალება თავად განსაზღვრონ სწორი გზა, მოუსმინო მათ მოთხოვნებს.

არავის აქვს უფლება დაბრკოლებად იქცეს ქვეყნის  განვითარების იმ გზაზე, რასაც ამ ქვეყნის  მოქალაქეები ფიზიკურადაც კი ეწირებოდნენ.

ვინ როგორ და რანაირადაც არ უნდა აღიქვამდეს პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს, ისინი ჩვენი შვილები არიან.

მომავალი მათია და უფლება აქვთ ჰქონდეთ თავის შეხედულებები, სურვილები.

და თუ ვინმე მათ იმ აგრესიით უპასუხებს, რასაც ვხედავთ, აღარავის ექნება უფლება უსაყვედუროს შემხვედრ აგრესიაზე.

შეუძლებელია ამ გამეტებული ცემა-ტყეპის ყურება, ბეწვის ხიდზე სიარული, მოლოდინი,  თუ როდის დატრიალდება უბედურება . შეუძლებელია მუნდირის, ღირსების შემლახავი ქცევების ნახვა, რადგან ეს ანადგურებს ინსტიტუციებს.

ვერავინ გაამართლებს ამ  სურათს სოც.ქსელებში გავრცელებული უცხოური ვიდეოებითა და ფაშისტური, თუ ტერორისტული ორგანიზაციების დემონსტრაციათა დაშლის მაგალითებით.

ბიდიშით, ეს ქვეყანა პატარაა და ყველას გვყავს იქ საკუთარი, მეგობრის, მეზობლის თუ ნაცნობის შვილი. ვიცით რაც აწუხებთ.

 საქართველოს მომავალი ევროპაა და მონდომების შემთხვევაში,  ბუნდოვანი და ფაქტებს მოკლებული დაპირებების მიღმა, ეს მომავალი არაა ეფემერული.

საქართველოს ჰყავს ერთი მტერი--რუსეთი.

ცივილიზაციური სამყაროსგან იზოლაციაში, ის გადაგვყლაპავს.

 ნუ აღმოვჩნდებით ჩვენი ქმედებებით ამ მტრის მოკავშირე. ამაზე მან უნდა იფიქროს, ვისაც მეტი მოვალეობა აქვს, ზოგჯერ ინდივიდუალურადაც.

ჩვენ, როგორც შეგვიძლია ისე  ვცდილობთ დავიცვათ ის იდეა, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები შეეწირნენ. 

ბოდიში არავისთან გვაქვს მოსახდელი!!!

არც ის გვსურს, რომელიმე ქართველის შთამომავლობას მართლა  ჰქონდეს   საშვილიშვილო ბოდიში მოსახდელი თავის თანამემამულეებთან.

ვემსახურებით საქართველოს!

ღმერთი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას!" ნათქვამია მიმართვაში. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×