ცოტა ხნის წინ პროტესტის ნიშნად "რუსთავი 2" ჟურნალისტმა თამარ ნუცუბიძემ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
"თითქმის ერთი წლის წინ, 14 დეკემბერს, ჩვენს ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ოცდახუთი წელია ჟურნალისტი ვარ. რა აღარ გამიშუქებია, კონფლიქტები, არჩევნები, მიტინგები, აქციები, მინისტერიალები და სამიტები. ჩემს ცხოვრებაში ორ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, ბრიუსელიდან მე მოგიყევით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება და კანდიდატის სტატუსი.
ამაზე საამაყო მე არაფერი მომიყოლია თქვენთვის! დღეს კი, არასდროს ისე შორს არ ვყოფილვართ ევროკავშირისგან როგორც ახლა! ათი წლის წინ, აქ ბრიუსელში, სწორედ იმიტომ ჩამოვედი რომ, ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია გამეშუქებინა. გამომდინარე აქედან, თქვენი, მაყურებლის წინაშე ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას და ვტოვებ ტელეკომპანია რუსთავი 2.
P.S. საქართველო მაინც გახდება ევროკავშირის წევრი" - წერს თამარ ნუცუბიძე.
ცნობისთვის, დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა.
“ჩვენი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება… ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე”, - განუცხადა მარიამ ჯანელიძემ „რადიო თავისუფლებას“.
ასევე "პირველი არხი" დატოვეს ჟურნალისტმა ნოდარ ჩაჩუამ და ,,მოამბის” ჟურნალისტმა ნიკა მუხიგულაშვილმა.