უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სავარაუდოდ, მიიღო მიწვევა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად, რომელიც ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება და შესაძლოა, იქ აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდეს, რომელიც ასევე მიემგზავრება ღონისძიებაზე. ამის შესახებ AFP უკრაინის ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება.
წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზელენსკი 7 დეკემბერს პარიზში რესტავრირებული ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიალზე გაემგზავრება და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის გარდა, შესაძლოა, ორმხრივი შეხვედრების სერია გამართოს - ვინაიდან იმ დღეს პარიზში ათობით ლიდერი იქნება.
„უკრაინის პრეზიდენტი დაესწრება ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებულ დღესასწაულს. ის შეხვდება პრეზიდენტ მაკრონს. შესაძლებელია სხვა შეხვედრებიც, კერძოდ, არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც ასევე იქნება ღონისძიებაზე“, - ციტირებს სააგენტო უკრაინელი თანამოსაუბრის სიტყვებს.
ელისეის სასახლემ ჟურნალისტებს არ გაუმხილა გამორჩეული სტუმრების სია, თუმცა ცნობილია, რომ პარიზში სხვადასხვა ქვეყნიდან ორმოცდაათამდე მაღალჩინოსანს ელოდებიან. დონალდ ტრამპმა საჯაროდ დაადასტურა, რომ ღონისძიებას დაესწრება.