რუსთაველზე ვითარება დაიძაბა. ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, რადგან ისინი სხვადასხვა საგნებს ესროდნენ საპოლიციო ძალებს და შეძახილებით მათი წყობიდან გამოყვანას ცდილობდნენ. ინციდენტის შემდეგ გაისმა პოლიციის გამაფრთხილებელი სიგნალი, რომელიც პროტესტის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს. თავისუფლების მოედნის მხირდან და ჭიჭინაძის ქუჩაზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანები.
საპოლიციო ძალებმა აქციის დაშლა უკვე დაიწყეს კიდეც. პროტესტის მონაწილეები უკან იხევენ და ახლა რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.
მანამდე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, დემონსტრანტებმა კვლავ პიროტექნიკა გამოიყენეს, რომელიც პარლამენტის შენობას მოარტყეს.
შსს-მ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა. უწყება აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებმა არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელეს:
"რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები.
აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნების სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.
საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.