რეზონანსი
12.12.2024

ადვოკატ ილია ლომიას განცხადებით, 36 წლის ბექა მინდორაშვილი, რომელსაც მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან, ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას.

ადვოკატის ინფორმაციით, მინდორაშვილმა შესაბამის დაწესებულებას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, თავად, საკუთარი სურვილით მიმართა. ლომიას თქმით, ბრალდებულმა ფსიქიატრიული კლინიკა რამდენიმე თვის წინ დატოვა, დანიშნული მკურნალობა კი თვითნებურად შეწყვიტა.

"მომხდართან დაკავშირებით გაჩუმებულია, არც ნაცნობობას, არც მოტივს არ უთითებს, არც ბრალდების მხარესთან, არც დაცვასთან. ჩანაწერებში, რომელიც გადმოგვეცა, მანამდე მათ შორის კონფლიქტი არ იკვეთება.

როგორც ჩემთვის ცნობილია, დაახლოებით, რამდენიმე თვეა, რაც შესაბამისი დაწესებულება დატოვა. მას მედიკამენტოზური მკურნალობა დაენიშნა. როგორც მე ვიცი, დაახლოებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში ის ამ მედიკამენტებს არ იღებდა, მიზეზი მას ოჯახისთვის არ განუმარტავს, პრეპარატების მიღებაზე უარი რატომ განაცხადა.

ბოლო პერიოდში, როგორც ვიცი, სამკურნალო დაწესებულებას თავად მიმართა, ის ამ დროს მსჯავრდებული არ ყოფილა, ნებაყოფლობით მიმართა დაწესებულებას",-აცხადებს ლომია.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულ ბექა მინდორაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას დაუნიშნავს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა.

ბექა მინდორაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×