სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებულმა საპროტესტო მსვლელობამ თბილისის მერიიდან იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა.
ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაკეტეს. ასევე, ისინი იუსტიციის სახლში დასაქმებულებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
მათი თქმით, დღეს უმოქმედობა და სიჩუმე დანაშაულია.
მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც - "კონსერვატორია არ დაკონსერვდება", "თავისუფლება ანრი კაკაბაძეს".
გაერთიანებული მსვლელობის საბოლოო ლოკაცია საქართველოს პარლამენტი იქნება.
ცნობისთვის, სახელოვნებო მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად სახელმწიფო კონსერვატორიასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ჭავჭავაძის, ვარაზიხევისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე IT სფეროს მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდნენ.