„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, რატომ არ შეუერთდნენ სამი ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივ განცხადებას.
ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული განცხადება არის პოლიტიკური პარტიების გაფართოებული შეხვედრის მონაწილეების, რაშიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მონაწილეობა არ მიუღია.
ამასთან, როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების მისამართით მოთხოვნებში პრინციპული განსხვავება არ არის, თუმცა პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ გაფართოებული ფორმატის შეხვედრა არაეფექტურად მიაჩნია და მას არ იზიარებს.
„მიზეზი ძალიან მარტივია. იმ საკითხს, რაზეც იყო საუბარი, ჩვენივე განცხადებით შევეხმიანეთ. აქ ჩანს, რომ საკმაო თანხვედრა გვაქვს შეფასებებში როგორც მომდევნო არჩევნებზე, ისე, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან, ჩვენს პოლიტიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ერთადერთი, რასაც ჩვენ არ ვიზიარებთ, არის ფორმატი გაფართოებული შეხვედრებისა, რომლებიც მიგვაჩნია არაეფექტურად და მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ამისი საჭიროება არ არის. არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი შეფასება ჩვენს განცხადებაშია, რომელიც, პრაქტიკულად, სრულ თანხვედრაშია იმასთან, რაც დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს და, წესით, კითხვებიც არ უნდა იყოს. ის განცხადება არის იმ შეხვედრის მონაწილეების, ჩვენი განცხადება არის ჩვენი პარტიის, რაც გამოქვეყნდა. პრინციპული განსხვავება მათ შორის არ არის, უბრალოდ, ჩვენ იმ შეხვედრაში არ ვმონაწილეობდით და იმ განცხადების თანაავტორები ვერ ვიქნებით. იმ შეხვედრის ფორმატი ჩვენთვის ნაკლებად საინტერესო იყო და გადავწყვიტეთ, არ მიგვეღო მონაწილეობა. იქ ვართ, სადაც ვთვლით საჭიროდ და სადაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ყოფნა არ არის საჭირო, იქ არ ვართ. რაც მთავარია, ხელისუფლების მიმართ მოთხოვნა არის იდენტური არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების და, ზოგადად, საზოგადოების. ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, რომ ყველაფერში ერთად ვიყოთ, ჩვენ ფუნდამენტურად ვრჩებით განსხვავებული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც გვაქვს ერთი საერთო მიზანი, ქვეყანა დავაბრუნოთ დემოკრატიულ რელსებზე“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძლიერმა საქართველომ“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია: „არალეგიტიმურ პარლამენტს არ აქვს პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ზურაბიშვილი რჩება პრეზიდენტად, ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები“. 14 დეკემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება ცალკე გაავრცელა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“. განცხადებაში აღნიშნულია: „არ ვმონაწილეობთ პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში, არ ვცნობთ დე ფაქტო პარლამენტის ქმედებებს, გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს“.