
„ოცნებას“ იმედი აქვს, ხალხს შეაშინებს, პროტესტის ტალღას, ამ მუხტს ჩაახშობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მოხდება პირიქით – ხალხი მეტად გაბრაზდება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ ცვლილებებს რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით.
ამასთან, ცისკარიშვილის თქმით, „ჯერ რეჟიმისგან უნდა გათავისუფლდეს საქართველო და მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები“.
„აქ მნიშვნელოვანია, რა მიზანს ემსახურება „ოცნების“ მხრიდან, თვითგამოცხადებული, თვითმარქვია ხელისუფლების მხრიდან ასეთი რეპრესიული ინსტრუმენტების ამოქმედება. მათ იმედი აქვთ, რომ ხალხს შეაშინებენ, პროტესტის ტალღას, ამ მუხტს ჩაახშობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მოხდება პირიქით – ხალხი კიდევ უფრო მეტად გაბრაზდება. არც მათი 15 დღის ეშინოდა არავის და არც 60 დღის შეეშინდება, მაგრამ ერთგვარი პოლიტიკური ჟანრის კლასიკაა, რომ ის რეპრესიული რეჟიმები, რომელთაც პოლიტიკური ლეგიტიმაცია არც ქვეყნის გარეთ და არც შიგნით არ აქვთ, მიმართავენ სამართალდაცვით და სისხლისსამართლებრივ ფუნდამენტზე თავიანთი ლეგიტიმაციის შენებას, რაც ყოველთვის მათთვის ცუდად მთავრდება ხოლმე. მთავარია, მოვიკრიბოთ ძალები, პრინციპულები ვიყოთ იმ ჩვენს დემონსტრაციებში, პროტესტში, რომელიც გვაქვს და გვესმოდეს სწორად, როგორი უნდა იყოს თანმიმდევრობა: ჯერ ამ რეჟიმისგან, ბიძინა ივანიშვილის მთავრობისგან უნდა გათავისუფლდეს საქართველო, მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდეს უკვე მართლაც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.