
გიორგი გახარია, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს თბილისში ვიზიტისას „საეჭვო კაცს" უწოდებდა და კორუმპირებულს ეძახდა, დღეს გენერალურ მდივანს უტიფრად წინ უზის და შეხვედრას მართავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ირაკლი ჭეიშვილი გამოეხმაურა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი გახარიასთან მიუნხენში გამართულ შეხვედრას.
„რომელი ირწმუნოს საზოგადოებამ, ბატონო გახარია, თქვენი წინა განცხადება ბერსეზე თუ ახლანდელი თქვენი საქციელი?! მერე ნუ გიკვირთ, როცა ოპოზიციის ასეთ უპრინციპო საქციელს შესაბამისად აფასებს საზოგადოება", - წერს ჭეიშვილი.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილსა და პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ლიდერთან, გიორგი გახარიასთან ერთობლივი შეხვედრა მიუნხენში დღეს გამართა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელეს.