
მამუკა ხაზარაძე, ერთ-ერთ ტელეარხთან, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებასა და მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს. ყოფილმა ბანკირმა ეთერში ნათქვამი, მოგვიანებით, ისევ გაიმეორა და განაცხადა, რომ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება, მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია.
მამუკა ხაზარაძის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. ამის თქმის საფუძველს კი მათ ყოფილი ბანკირის მიერ წარსულში რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები აძლევთ. "ქართული ოცნების" ლიდერებმა ოპონენტს დღეს პოლიტიკური წარსული და ის რეზოლუციის პროექტი გაახსენეს, რომელიც ხაზარაძის პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრირა.
შეცვალა თუ არა მამუკა ხაზარაძემ რუსეთთან მიმართებით რიტორიკა? ამ კითხვა პასუხის გაცემა ოპოზიციის ნაწილმა დღეს არ ისურვა, ნაწილმა კი "ლელოს" ლიდერის დაცვა სცადა.
საპარლამენტო უმრავლესობაში მამუკა ხაზარაძის შერბილებულ ტონს და შეცვლილ რიტორიკას ტრამპის და "ქართული ოცნების" პოლიტიკის თანხვედრას უკავშირებენ. ამბობენ იმასაც, რომ ყოფილი ბანკირი ამომრჩევლის მოტყუებას ცდილობს.
განცხადება, რომელიც დღეს პოლიტიკური განხილვის თემა გახდა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ გააკეთა.