
პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გისოსებს მიღმა გამომწყვდეულ მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ყოფილი პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, რომ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორმა არა მხოლოდ ქვეყანას, მთელს მსოფლიოს აჩვენა ძალა - სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის.
დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან.
მზია ამაღლობელმა არა მხოლოდ ქვეყანას, მთელს მსოფლიოს აჩვენა ძალა - სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვილის მოძალადე ხელისუფლება სრულად გააშიშვლა ფლიდი მორალისგან.
მზია ამაღლობელი ამ ბრძოლაში ჩვენს ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება.
ამიტომ, მე როგორც მისმა ერთმა რიგითმა თანამოქალაქემ, მინდა მას ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა”, - დაწერა გახარიამ სოციალურ ქსელში.
იგივე მოსაზრებისაა "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძეც, რომელმაც "ტვ პირველის" ეთერში ასეთი განცხადება გააკეთა:
"ძალიან ვნერვიულობთ ყველა. როგორც ჩანს, მძიმეა სიტუაცია. მორალდაკარგულია ხელისუფლება. რა უნდა გამოიძიოს ხელისუფლებამ, როდესაც ჟურნალისტს, ფაქტობრივად, ტყუილად ციხეში სვამ და მზად ხარ, რომ სიკვდილისთვის გაწირო. “ოცნებამ” ადამიანური ფაქტორები იმდენად დაკარგა, რომ მზად არის, სიკვდილისთვის გაწიროს. მზია არის ადამიანი, რომელიც სიმბოლო გახდა იმ ბრძოლის, რაც რეჟიმის წინააღმდეგ გვაქვს. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ივანიშვილს, კობახიძეს. ვთხოვ მზიას, რომ შიმშილობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მიიღოს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაც სოციალურ ქსელში წერს, რომ აუცილებელია მოშიმშილე ჟურნალისტი გადარჩეს:
„რეჟიმს მოშიმშილე ქალი პატიმრის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, უკან დახევის ეშინია, სისუსტის ჩვენება ჰგონია სიცოცხლისა და სიმართლის მხარეს ყოფნა.
მზია ამაღლობელი უნდა გადარჩეს. უნდა გადარჩეს მისი სიცოცხლე და მისი გაუტეხლობა!“ - დაწერა მელიამ.