რეზონანსი
18.02.2025

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მოქალაქეების ოჯახის წევრები მოინახულა. 

ომბუდსმენი ასევე იმყოფებოდა ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში. მან ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა - გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმ ადამიანთა ყოფითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომელთაც საოკუპაციო ხაზთან სიახლოვის გამო მუდმივი საფრთხის პირობებში უწევთ ცხოვრება.

"18 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მოქალაქეების ოჯახის წევრებს შეხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებულები სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

საქართველოს სახალხო დამცველმა გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ხურვალეთის დევნილთა დასახლება მოინახულა, სადაც ამჟამად 400-მდე ადამიანი ცხოვრობს, ასევე შეხვდა სოფელ ხურვალეთის მოსახლეობას და მათი პრობლემები მოისმინა.

შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ როგორც ძალიან ბევრ სოფელსა და დასახლებულ პუნქტში, სუფთა წყალი არც ხურვალეთის მოსახლეობისთვის არის ხელმისაწვდომი. მათ ასევე აწუხებთ მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა, რაც სოციალურად არამდგრად მდგომარეობაში მყოფ დევნილებს კიდევ უფრო უძვირებს გადაადგილების ხარჯებს.

სოფლის მოსახლეობამ ასევე ისაუბრა ამბულატორიების კეთილმოწყობის საკითხზე; მათი თქმით შენობებში არსებული პირობები სერვისებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობას არ იძლევა. გარდა ამისა, ხელისუფლებისგან სასოფლო სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერას ითხოვენ, ვინაიდან, როგორც თავად ამბობენ, ტექნიკის სიმცირის გამო მოსავლის აღება უგვიანდებათ.

სახალხო დამცველმა მოუწოდა ადგილობრივ ხელისუფლებას - გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმ ადამიანთა ყოფითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომელთაც საოკუპაციო ხაზთან სიახლოვის გამო მუდმივი საფრთხის პირობებში უწევთ ცხოვრება.

სახალხო დამცველმა ასევე მოინახულა ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფარი, სადაც ამჟამად 18 ბენეფიციარია განთავსებული," - წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×