რეზონანსი
13.03.2025

ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული დეტექტივი მოსამართლემ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა - ნიკა ნოზაძის საქმეში ძალადობის 6 ეპიზოდია, მათ შორის სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ოჯახში ძალადობაც. საქმის მასალების მიხედვით, ძალოვანი უწყების თანამშრომელი დაზარალებულ ქალზე, საკუთარი  არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებითაც ძალადობდა. ქალს სახეში ურტყამდა  და მანქანიდან გადაგდებით ემუქრებოდა.  ბრალდების მხარის თქმით, ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევის დროს, კაცმა ქალს დატენილი იარაღი შუბლზე მიადო და მოკვლითაც დაემუქრა. 

მეტი დამაჯერებლობისთვის, მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღი დამუხტულ მდგომარეობაში მოიყვანა და ორ შემთხვევაში მიადო შუბლზე და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. (ქალს) ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა, ერთ შემთხვევაში ტანსაცმელიც შემოახია. ეს სამოსი ამოღებული გვაქვს და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. 

დაზიანებებთან დაკავშირბით მოწმეები - დაზარალებულის დედა და შვილი მიუთითებენ დაზიანებებს და ერთ შემთხვევაში როგორ მოსდიოდა დაშავებულს სისხლი. ამ ყველაფერს ისინი დეტალურად აღწერენ"- აცხადებს "პირველებთან" პროკურორი ალექსანდრე ჩხეიძე. 

ბრალდებულს დღეს წაყენებულ ბრალდებაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია. ნიკა ნოზაძის ადვოკატი კი დაზარალებულად ცნობილი ქალის შურისძიებაზე საუბრობს. 

ნინო იასამაშვილის თქმით, დეტექტივის წინააღმდეგ საქმეში სულ 4 პირის ჩვენება დევს, აქედან ერთი მომჩივან ქალს ეკუთვნის, ნოზაძის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს დაზარალებულად ცნობილი ქალის არასრულწლოვანმა შვილმა და მშობლებმა. 

განქორწინების საკითხი ჰქონდათ დაყენებული ხაშურის რაიონულ სასამართლოში. გასულ კვირას მათი განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ეს იყო ქალბატონი თამუნასთვის საფუძველი. მან თავისი ადვოკატის პირით შემომითვალა, რომ თუ ჩვენ უარს ვიტყოდით განწორინებაზე, ის უკან გამოიტანდა ყველა ბრალდებას" - აღნიშნავს  ძალოვანი უწყების თანამშრომლის ადვოკატი. 

მოსამართლის დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ნიკა ნოზაძის ოჯახის უკმაყოფილება მოჰყვა. ბრალდებულის მამა ამბობს, რომ მისი შვილი შეთითხნილი ბრალდებით გაუშვეს პატიმრობაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×