
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ს განათლების დეპარტამენტის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ეს იყო მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება. ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა. პროცესს ესწრებოდნენ გუბერნატორები, სახელმწიფო განათლების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები. ოვალური კაბინეტი სკოლის კლასად გადააკეთეს, ტრამპისთვის კი ცალკე მერხი იდგა.
"ჩვენ ვაპირებთ დახურვას რაც შეიძლება მალე, ეს არაფერ კარგს არ გვაძლევს”, - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ტრამპი, ისევე როგორც რესპუბლიკელების უმეტესობა, დიდი ხანია ითხოვს განათლების სამინისტროს დახურვას, მაგრამ მისი სრული გაუქმება მოითხოვს კონგრესის თანხმობას.
პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები უფრო მეტ ფულს ხარჯავს განათლებაზე, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყანა, თუმცა ამერიკელი სტუდენტები “აკადემიური მოსწრების კიბის ბოლოში არიან“.
მაშინაც კი, თუ სააგენტო ოფიციალურად არ დაიხურება, ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია შეამციროს მისი დაფინანსება და პერსონალი.