რეზონანსი
15.04.2025

სისხლის სამართლებრივი დევნას ჩემთვის არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. რას ემსახურება კომისია? არაფერს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც ის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურის კითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე პასუხობს.

მისი თქმით, კომისიის სხდომაზე მისვლას ოპოზიციონერების შეცდომად მიიჩნევს.

“გუშინდელმა დღემ ცხადყო, რომ ეს არის გადაფარვის მცდელობა, პროპაგანდისტული სისულელე, რომელიც ამაზე ალაპარაკებს მთელ საზოგადოებას, ამიტომაც მიმაჩნია იქ მისვლა ოპოზიციონერების შეცდომად. მეორე მხრივ, ეს არის სამშობლოს ინტერესების ღალატის შემცველი ქმედებები. რასაც ჩვენ ვხედავთ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნა იყოს იმგვარი, რომ საქართველო იყო ომში დამნაშავე და არა რუსეთი”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი შეფასებით, დროებით საგამოძიებო კომისიაზე “გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას მისვლა ღრმა შეცდომად მიაჩნია, ხოლო კითხვაზე, არის თუ არა ეს ოპოზიციის შეთანხმების დარღვევა, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი ფორმატის ფარგლებში არსებობდა, გვარამია პასუხობს, რომ ეს სალომე ზურაბიშვილმა შეაფასოს.

“ეს სალომე ზურაბიშვილმა შეაფასოს. ის არის შეთანხმების ინიციატორი, მაგრამ მიმაჩნია ღრმა შეცდომად ბატონი გახარიას მხრიდან [კომისიის სხდომაზე მისვლა]. ამით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ამ რეჟიმის შეცვლისთვის ბრძოლას, ჩემი აზრით, არაფერი აკლდება, თუ ვინმეს აკლდება, ეს ბატონი გახარიაა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×