
ვიან ღამით გურჯაანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოკლულია 31 წლის დიმიტრი ჯავახიშვილი.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახალგაზრდები სააღდგომო სუფრაზე ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც სასტიკი მკვლელობით დასრულდა. ისინი წარსულში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ძველი კონფლიქტი უკვე განეიტრალებული იყო.
"პირველად დაახლოებით 7 საათზე მოხდა ჩხუბი, ეტყობა შემდეგ გვიან გააგრძელეს და სამწუხაროდ, ასეთი ფაქტით, მკვლელობით დასრულდა. დაახლოებით, 4-5 გასროლის ხმა იყო. როგორც ვიცი, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე ბიჭი, ძალიან კარგები იყვნენ, რა ვერ გაიყვეს არ ვიცი, შეიძლება დალიეს და მეტი მოუვიდათ. ჩემთან პოლიცია არ ყოფილა“, - ამბობს ადგილობრივი.
პოლიციამ უკვე იცის, ვინ არის სავარაუდო მკვლელი, თუმცა ამ დრომდე არ დაუკავებიათ კაცი, რომელმაც თანასოფლელს 5 -ჯერ ესროლა.
სროლის დროს დაიჭრა იქვე მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი. ექიმის თქმით მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება საავადმყოფო დატოვა. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი, ამის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.