
ორ დღიანი კრიტიკის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მისვლა თავად მოუწია. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, განმარტების გაკეთებაც მოუხდათ, ფიქრობენ თუ არა ისევ, რომ ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტი არ უნდა შემდგარიყო. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თქვა, რომ ოპოზიციის წუხილებზე ეუთოს გენერალურ მდივანთანაც ისაუბრა. შეხვედრით კმაყოფილება მედიასთან არ დაუმალავს არც "ლელოს" ლიდერს.
ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილის შეცვლილი დამოკიდებულება სახელისუფლებო პარტიისთვის ოპონენტების ლუსტრაციაა. "ქართულ ოცნებაში" ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ უწოდეს სხვისი დავალების შემსრულებლები და მართულები.
ეუთოს გენერალურ მდივანთ შესახვედრად პირველი გიორგი გახარია მივიდა, თუმცა ცალკე. ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ კი ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.
რონდელის ცენტრში ჩანიშნულ შეხვედრას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები. თქვე, რომ ეუთოს გენერალურ მდივანთან არც ინდივიდუალურ და არც საერთო ფორმატში შეხვედრას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. კოალიცია ფერიდუნ სინირლიოღლუს განცხადებებში სიცხადეს და თანმიმდევრულობას უწუნებს.
ოპოზიციის უარიც და თანხმობაც მმართველი პარტიისთვის კარგად შემუშავებული გეგმის ნაწილია. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტები დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ და ბოლო დღეებმა ეს კიდევ უფრო ნათელი გახადა.
ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ბოლო 2 დღის განმავლობაში შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გამართა. დღეს კი ის ოპოზიციის ნაწილსაც შეხვდა.