რეზონანსი
12.05.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის, 15 მაისს სტამბოლში, შესაძლო, შეხვედრა "ძალიან მნიშვნელოვანი" იქნება.

"რუსეთისა და უკრაინის შეხვედრა ხუთშაბათს - ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვითხოვდი ამ შეხვედრის ჩატარებას. მგონია, რომ ამ შეხვედრას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია", - თქვა ზელენსკიმ თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ სტამბოლში მხარეებს შორის შეხვედრაზე თავადაც ჩავიდეს.

"მე ვფიქრობდი იქ ჩასვლაზე, მაგრამ არ ვიცი ხუთშაბათს სად ვიქნები. ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს. მაგრამ ვფიქრობდი [სტამბოლში] ჩასვლაზე თუ ამის შესაძლებლობა იქნება", - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით 30-დღიანი ზავი ორშაბათს უნდა დაწყებულიყო. ინიციატივას მხარს უჭერდნენ ევროპელი ლიდერები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

ზელენსკის ინიციატივას პუტინმა საგანგებო განცხადებით უპასუხა და თქვა, რომ ზელენსკის თურქეთში მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევდა. საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს თურქეთში პირადად დაელოდებოდა, შეხვედრამდე კი, ორშაბათიდან "ცეცხლის სრულ და ხანგრძლივ შეწყვეტას" ელოდებოდა. თუმცა უკრაინული წყაროების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა რამდენიმე რეგიონი, მათ შორის კიევი, სუმი, ზაპოროჟიე, ოდესა, ხერსონი და სხვები დაბომბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×