
"უკადრებელი იკადრა..." - რას აცხადებენ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ზურაბ პოლოლიკაშვილზე
"როდესაც ვიღაცა ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არ გპასუხობენ. მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც არ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს. არ განმარტავ უფრო მეტად, იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ წლის ბოლომდე იკავებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობაიძემ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ზურაბ პოლოლიკაშვილმა მისი პასუხით დაამტკიცა, რომ მისი გამოწვევის თაობაზე გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო. შესაბამისად, კობახიძის თქმით, მთავრობის მხრიდან ღალატი იქნებოდა პოლოლიკაშვილის კანდიდატურის არგამოწვევა.
„რაც შეეხება ელჩებს, მე ვერ დავაკონკრეტებ იმიტომ, რომ დახურულ რეჟიმში ხდება ხოლმე ელჩების დაბარება და უკმაყოფილების გამოხატვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ მესამე ვადით დავუჭირეთ მხარი კონკრეტულ კანდიდატურას, საუბარია, საქართველოს ელჩებზე, რომლებიც დაიბარეს და ამ კუთხით ერთგვარი ანგარიში მოსთხოვეს.
რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, ისეთი აღქმა აქვს ვიღაც-ვიღაცებს, რომ ჩვენი ხელისუფლება კეთილშობილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე იმსახურებს უდიერ დამოკიდებულებას, ვიღაცებს აქვთ ამის აღქმა, რომ შეიძლება თავში ჩაარტყან ხელისუფლებას და იქიდან რეაქციაც არ უნდა მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, თავში ჩარტყმას თავში ჩარტყმით არ ვუპასუხებთ, მაგრამ ასეთ ქმედებებზე ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს და სწორედ ამას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. ეს გადაწყვეტილება არაფერ კავშირში არ არის არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლის მხარდაჭერასთან, თუ რომელიმე სხვა კანდიდატის მხარდაჭერასთან. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ. არავითარი კავშირი არ არის ამ ორ მოვლენას შორის. რომ არ ყოფილიყო ეს უდიერი მიდგომა, თავში ჩარტყმის მცდელობა და ა.შ. ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად, თუმცა საბოლოო ჯამში, გამოქვეყნდა მესიჯი, რომელმაც ცხადად დაადასტურა ის, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება კანდიდატის გამოწვევის თაობაზე.
ეს კაცი წლის ბოლომდე არის გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. როდესაც ასეთი კაცი, ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი, ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ქვეყნის ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად... პასუხს უნდა იმსახურებდე იმისთვის, რომ შემდეგ მასზე პრეტენზია გამოთქვა. როდესაც ვიღაცა ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არ გპასუხობენ. მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც არ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს. არ განმარტავ უფრო მეტად, იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ, წლის ბოლომდე იკავებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას.
მინდა შეგახსენო, რომ ჩვენ ჯერ 8 წლის წინ, შემდეგ კი 4 წლის წინ დავუჭირეთ მხარი მის კანდიდატურას და ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ ამ ყველაფერში. მაშინაც იყო „ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომელსაც უხეში ლექსიკით მოიხსენიებს ეს კონკრეტული [პირი]. მოგწონთ ის ტერმინოლოგია, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი [იყენებს]? როგორ შეიძლება ეს ვინმეს მოსწონდეს? ამით ხომ დაამტკიცა მან, რომ მისი გამოწვევის თაობაზე გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ღალატი იქნებოდა ამ კანდიდატურის არგამოწვევა. ეს იქნებოდა ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს ღალატი. როცა ვიღაც ცდილობს, რომ სახელმწიფოს ჩაარტყას თავში, ამას სჭირდება შესაბამისი რეაქცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ზურაბ პოლოლიკაშვილმა „უკადრებელი იკადრა და ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა".
„უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ სწორი იყო, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა. როცა აქეთ-იქით რეკავ და ცდილობ, ათასი ახლობელი გამოძებნო, ხვეწნით და მუდარით - მდინარაძესთან, კობახიძესთან, კალაძესთან და ა.შ. და იხვეწები, იქნებ რამენაირად გადაწყვეტილება შევცვალოთ და როდესაც დარწმუნდები, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, ასეთ რაღაცას კადრულობ - მის პიროვნულ თვისებებზე, იმაზე თუ ვინ ვინ არის და რას იმსახურებს, ალბათ, აქედან უნდა ვიმსჯელოთ.
მან უკადრებელი იკადრა, ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა. ეს არის ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს აღარ წარმოადგენს. თავის დროზე კონსულტაციები იყო გარკვეულ პარტნიორებთან და არ გაგიკვირდებათ, თუ ჩვენ ბევრი გადაწყვეტილება გარკვეული კომპრომისების და კონსენსუსების საფუძველზე მიგვიღია, მაგრამ ამ დეტალებში აღარ შევალ. დაგიდასტურებთ იმას, რომ თავის დროზე იყო პარტნიორთა გარკვეული კონსულტაციები და მათი რჩევები... ბუნებრივია, ჩვენ ყველას გვიხარია და გვიხაროდა, როდესაც სხვადასხვა უმაღლესს თანამდებობაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ქართველები არიან ხოლმე (ეს ბუნებრივია ყველას გვიხარია), მაგრამ ის საქართველოს კი აღარ წარმოადგენს, ის წარმოადგენს თავის პატრონებს. ახლა გული რომ წყდება - პრემიერ-მინისტრს ურეკავდა და არ იღებდა, ჩვენც ძალიან გული გვწყდება, ჩვენ კი არა მთელ საქართველოს, როდესაც საქართველოს სჭირდება პარტნიორებთან ამ გაურკვეველ ურთიერთობებში, მისი როლი, სტატუსი, ჩართულობა და ამ დროს იქით არის სახვეწარი, მაშინ უნდა მიხვდეს. წითელი ხაზია, რომ საქართველოდან ურეკავდნენ თვეებით ადრე სხვადასხვა თემაზე და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ფეხებზე იკიდებს, მაშინ უნდა იფიქროს, რომ სახვეწნელად გაუხდება საქმე და მერე ამ ხვეწნა-მუდარას, თავმოყვარეობის დაცემას, არავინ სერიოზულად არ შეხედავს, ისე შეაფასებს, როგორც საჭიროა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამიტომ პოლოლიკაშვილი იქნება თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული ადამიანი, უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას არც მხარს დაუჭერს, პირიქით დაბლოკავს. აქ ფორმალური მხარეც იყო, მესამე შემთხვევაზე გარკვეული პრეტენზიები, იმ ჩვენ ევროპელ მეგობარ ქვეყნებსაც ჰქონდათ, რომლებსაც ასეთი პრეცედენტის დაშვება არ უნდოდათ. მისი შანსები ისედაც ნაკლები იყო და ამ 1%-იანი შანსის გულისთვის ის უკადრებელს კადრულობს", - განაცხადა მდინარაძემ.