
პარტია „ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ საკუთარ სახლთან უცნობი პირი დაესხა თავს.
გრიგოლ გეგელიას განცხადებით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ გადაადგილდებოდა.
მისი განმარტებით, თავდაპირველად მანქანიდან სხვადასხვა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
სამართალდამცველები უახლოეს დროში გრიგოლ გეგელიას გამოკითხვაზე საბურთალოს განყოფილებაში გადაიყვანენ.
პარტია „ლელოს" წევრის, საბა ბუაძის შეფასებით, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმა ტოქსიკური კლიმატის შედეგია, რომელიც ქვეყანაში არალეგიტიმურმა ძალამ შექმნა, რომელიც საზოგადოებას და სახელმწიფოს ყოველდღიურად არყევს.
„გრიგოლ გეგელიას ეს თავდასხმა ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეაშინებს. ამ არალეგიტიმური დაჯგუფების ამაზრზენი სახის კიდევ ერთი დემონსტრირება, როდესაც სახლიდან მეუღლესთან ერთად გამოსულ ადამიანს ხვდებიან ვიღაც კრიმინალური ელემენტები, მას ფიზიკურად უსწორდებიან. ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკოსებს, არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და წინააღმდეგია, ამ არალეგიტიმური, არაქართული ძალის, რასაც ჰქვია ივანიშვილის „ქართული ოცნება", სხვადასხვა ფორმით ფიზიკურად უპირისპირდებიან, უსწორდებიან, ყველას შევიწროება მიმდინარეობს. გრიგოლ გეგელიაც და ბევრი სხვა ადამიანიც აუცილებლად საკადრის პასუხს გასცემს ჩვენი სიმშვიდით, ჩვენი თანმიმდევრულობით, ჩვენი თანმიმდევრული ბრძოლით, რომელშიც ვართ ჩართულები", - განაცხადა საბა ბუაძემ.