რეზონანსი
15.06.2025

პარტია "საქართველოსთვის" წევრი კახაბერ ქემოკლიძე დარწმუნებულია, რომ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურის პროკურატურაში დაბარება, მიზნად გიორგი გახარიას განეიტრალებას ისახავს. ქემოკლიძე, რომელიც იმ კონკრეტულ პერიოდში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ყოფილ უფროსი იყო, ამბობს, რომ მუხლი, რომლითაც საგამოძიებო უწყებამ საქმე აღძრა, აბსურდულია, რადგან ამ ლოგიკით, ყველა იმ მინისტრს და მათ მოადგილეებსაც უნდა წაუყენონ ბრალი, რომლებიც საოკუპაციო თემატიკასთან შემხებლობაში იყვნენ.

ამასთან, პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ მაშინ შსს-მ იმოქმედა ისე, როგორც სახელმწიფო ინტერესები მოითხოვდა. 

მოტივაცია არის ძალიან მარტივი, რომ მოახდინონს ზოგადად ამ საკითხის აბსოლუტური პოლიტიზირება და საბოლოო ჯამში, გაანეიტრალონ ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მისი ოპოზიციურად განწყობილი გუნდი, ცხადია. იმდენად აბსურდულია ეს მუხლი და მთლიანად ეს საქმე, რომ მაგათ ლოგიკას რომ გავყვეთ, აბსოლუტურად ყველა მინისტრი და მინისტრის მოადგილე, კურატორი მოადგილეები, რომლებიც კურირებდნენ საოკუპაციო თემატიკას, ორივე სამინისტროში, შსს-შიც და სუსშიც, მაშინ იგივე ბრალი აქვთ წასაყენებელი, იმიტომ, რომ ბორდერიზაციის პროცესი 2013 წლის თებერვლიდან არის გააქტიურებული. როგორ შეიძლება, მათ ინფორმაცია არ ჰქონოდათ, როცა ამ ღონისძიებაში, გზის გაყვანის ღონისძიებაში იყო ჩართული რამდენიმე სახელმწიფო უწყება. მათ შორის ბატონმა გომელაურმაც თავად განაცხადა, რომ ვიცოდი, გზას რომ გაჰყავდათო და გვეგონა, რომ ომის ესკალაციის რისკი არსებობდაო. დეფაქტო ხელისუფლება აპირებდა, ე.წ. 1922 წლის რუკის მიხედვით ბორდერიზაციის აბსოლუტურად გაუგონარი ახალი ტალღის წამოწყებას და ეს პროცესი დაწყებული ჰქონდათ. მათ შორის, ჩორჩანაში მიმდინარეობდა ადამიანების დაკავება და ცენტრალურმა ხელისუფლებამ იმოქმედა ისე, მაშინდელმა შსს-მ,  როგორც უნდა იმოქმედა ნორმალურ, საღად მოაზროვნე, რისკების დამზღვევ სახელმწიფო სტრუქტურას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, - ამბობს ქემოკლიძე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურაში ყოფილი შს მინისტრი და ექს სუსის უფროსი ვახტანგ გომელაური გამოჰკითხეს. გამოკითხვის შემდეგ გომელაურმა მედიასთან თქვა, რომ საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხებოდა. 

ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოზიებო კომისიაზე დაუსვეს. 

"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.

 „ყველამ ყველაფერი იცოდა“, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო - თქვა "ქართული ოცნების" საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×