
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში ისევ მწვავე დაპირისპირების მიზეზია.
ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდს, რომელიც 4 ოქტომბრის მარათონს პოლიტიკურ შესაძლებლობად განიხილავს, პარტნიორი პარტიები ღალატსა და საერთო ოპოზიციური გეგმის რღვევაში ადანაშაულებენ.
გახარიას გუნდი ემზადება, "ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია "ცვლილებისთვის" კი ისევ კატეგორიულ უარზეა.
ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირება არაფერს ცვლის მმართველი გუნდისთვის, სადაც მუნიციპალური არჩევნებისა და მორიგი გამარჯვებისთვის ემზადებიან.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარიც კი შეურაცხმყოფელია.
"საუბარიც კი შეურაცხმყოფლად მიმაჩნია - კითხვა, ადგილობრივ არჩევნებში მიიღებთ თუ არა მონაწილეობას. გამორიცხულია!
ვინმემ ვინმეს როგორ უნდა ჩახედოს თვალებში, ან საკუთარ თავთან როგორ უნდა იყო მართალი, ერთადერთი არჩევნები, რომელიც შეიძლება ჩატარდეს ახლა და მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა, არის სამართლიანი, საპარლამენტო არჩევნები", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.