რეზონანსი
24.11.2017

 (რეზონანსი) საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, ილია მეორეს მოსაყრდის, მიტროპოლიტ შიოს დასახელების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს პატრიარქი განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ასახელებს, როდესაც თვლის, რომ შესაძლებლია რომელიმე პიროვნების დასახელებამ გარკვეულ გაუგებრობებს ბოლო მოუღოს.

"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს კანონიკური უფლებამოსილება და მას შეუძლია ნებისმიერ დროს დაასახელოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს პატრიარქი განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ასახელებს, როდესაც თვლის, რომ შესაძლებლია რომელიმე პიროვნების დასახელებამ გარკვეულ გაუგებრობებს ბოლო მოუღოს, აღმოფხვრას გაუგებრობები და როცა მას რომელიმე პიროვნების დახმარება პირადად სჭირდება.

„საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ რომელიმე პიროვნების გამორჩევა და დასახელება არ ნიშნავს იმას, რომ პატრიარქს არა აქვს უდიდესი პატივისცემა სხვა მღვდელმთავრების მიმართ, ან რაიმე უნდობლობა აქვს სხვა მღვდელმთავრების მიმართ. ეს ნამდვილად ასე არ არის. საქართველოში ეს არის უნიკალური მოვლენა. 40 წელია პატრიარქი მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მას დღესაც ხელთ აქვეს სადავეები. ყველა მღვდელმთავარი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არის გამორჩეული და ხელდასხმული პატრიარქის მიერ", - აცხადებს მამა გიორგი ზვიადაძე.

მისივე თქმით, მოსაყდრის დასახელება არ ნიშნავს იმას, რომ ილია მეორემ მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობა შეწყვიტა

„როცა პატრიარქი ცოცხალი ბრძანდება, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და მას აქვს უაღრესად ნათელი გონება და დღესაც მართავს თავად მართლმადიდებელ ეკლესიას, მოსაყდრედ დანიშვნა არ ნიშნავს იმას, რომ მან მმართველობა შეწყვიტა. ეს ნიშნავს, რომ პიროვნება მას შეიძლება დაეხმაროს, მაგრამ პატრიარქი უშუალოდ მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. დღეს მოსაყდრის რაიმე განსაკუთრებულ უფლებამოსილებებზე საუბარი არ არის. ეს არც იმას არ ნიშნავს, რომ მოსაყდრე შეიძლება, ავტომატურად გახდეს საქართველოს მომავალი პატრიარქი. პატრიარქს ირჩევს წმინდა სინოდი,"- დასძინა მამა გიორგი ზვიადაძემ.

გუშინ პატრიარქმა საკუთარ მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×