ელზა პაპოშვილი
28.01.2021

რუსი ჯარისკაცის ჩვენებაზე იქნება დამოკიდებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ბედი. გახელაძის საქმეზე ცხინვალში ე.წ. სასამართლოს სხდომა დასრულდა. საოკუპაციო რეჟიმი გადაწყვეტილებას 5 თებერვალს გამოაცხადებს. ხუთშაბათს ჩვენება უნდა მიეცა ერთ-ერთ ჯარისკაცს, რომლის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაშიც ზაზა გახელაძეს ადანაშაულებენ.

ეს ჩვენება შესაძლოა ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძესთვის თავისუფლების გარანტი გახდეს. მან  წინა პროცესზე მიცემული ჩვენებით დაამტკიცა, რომ გახელაძე უდანაშაულოა და მას სასაზღვრო პატრულისთვის ცეცხლი არ გაუხსნია. ამიტომაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები იმედოვნებენ, რომ ქართველ ტყვეს ბრალი შეუმსუბუქდება და არ არის გამორიცხული, სადავო მხოლოდ ე.წ. საზღვრის კვეთა დარჩეს. 

„შესაძლებელია რუსმა ჯარისკაცმა გაიმეორეს და დაადასტუროს თავის წინა ჩვენება, სადაც ამბობს, რომ გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია, რაც შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ ყველაზე მძიმე ბრალდება, რომელიც ითვალისწინებს 12-დან 20 წლამდე პატიმრობას, რუსი ჯარისკაცის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, განეიტრალდეს და მხოლოდ დარჩეს ე.წ საზღვრის  კვეთის ბრალდება,“ -  ამბობს „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა 

ოჯახი კი აცხადებს, რომ ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება ზაზა გახელაძის გათავისუფლება იქნება. ის ამ პერიოდის განმავლობაში სამარტოვო საკანში იმყოფებოდა და მისი როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური ჯამრთელობის მდგომარეობა რთულია. ოჯახს იმედი აქვს, რომ ჯარისკაცი იგივე ჩვენებას ამ სასამართლოზეც გაიმეორებს და გახელაძე მძიმე სასჯელს გადაურჩება. 

„დაახლოებით სამი თვე მარტო იმყოფებოდა საკანში და ეს ახალგაზრდა კაცისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია. ოჯახის ერთადერთი სურვილია ზაზა დაუბრუნდეს.  დე ფაქტო ხელისუფლებაც ალბათ, ამას გაითვალისწინებს და მალე დაუბრუნებს ოჯახს. არ ვიცით დღეს რაზე იყო საუბარი და სასამართლო რას შეეხებოდა, იმედს არ ვკარგავთ დაბრუნების. უცნობია საბოლოო განაჩენი რა იქნება. რუსმა ოფიცერმა თქვა, რომ ნასროლი გამიზნულუ არ იყო და ეს ცვლის გარემოებებს. ამიტომ 5 თებერვალს ველით, რომ ე.წ. სასამართლო მას ამ მძიმე მუხლს მოუხსნის,“ - განაცხადა ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ტყვეობიდან მის დახსნას საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×