
კოვიდშეზღუდვებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ შეიძლება მიდგომები შეცვალოს, იმ შემთხვევაში თუ დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 4%-ს ჩამოსცდება. როგორც მთავრობაში აცხადებენ, უახლოეს ერთ კვირაში მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნისა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგის გახსნაზე მსჯელობა დაიწყება.
„მსგავს ტენდენციებს თუ შევინარჩუნებთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა ადრე დაიწყება. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისს და რუსთავს, ვიმსჯელოთ მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაზე, ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც დღეს გვაქვს," - აცხადებს პრემიერი გიორგი გახარია.
ცნობილი ქართველი მეცნიერი თემურ ნანეიშვილი კოვიდშეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქციების გამართვას გაუმართლებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ვიდრე არ იქნება ვაქცინა, შეზღუდვები გონიერ ფარგლებში უნდა იყოს, რადგან ადამიანის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია.
„ყველა ასეთი მასიური შეკრება საფრთხის შემცველია და ეპიდვითარების გამწვავებას გამოიწვევს. გვახსოვს, წინა თვეებში გამართული აქციების შედეგად დაავადებულთა მაჩვენებლი ოთხნიშნა ნიშნულს რომ მიუახლოვდა. შეზღუდვების შედეგად კი სიტუაცია დასტაბილურდა. ოპოზიციას უნდა რაც მეტად გაფუჭდება საქმე, მით უკეთესი მათთვის. რევოლუცია-რევოლუციას გაიძახიან და ქართველი ხალხის სიცოცხლის ფასად უნდათ გააკეთონ რევოლუცია.
დღეს ნამდვილად არ გვაქვს სრული შეზღუდვები, არის წერტილოვანი და ვფიქრობ, ვიდრე არ იქნება ვაქცინა, შეზღუდვები გონიერ ფარგლებში უნდა იყოს. რა თქმა უნდა ეკონომიკის სრული გაჩერება არ შეიძლება და აქ რეგულაციები უნდა ამოქმედდეს. ტრანსპორტთან დაკავშირებით მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს. მაგალითად, გაკონტროლდეს მგზავრთა ნაკადი ავტობუსებში. დაცული იყოს ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ეპიემიოლოგები გასცემენ, კერძოდ პირბადის ტარება. ვნახეთ, რომ პირბადე ძალიან ეფექტური აღმოჩნდა ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში. ასევე, დაცული უნდა იყს დისტანცია მგზავრებს შორის," - განაცხადა „რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.