
ვანის ავტოსადგურზე ტაქსის მძღოლებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა – სროლას წინ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა უძღოდა. როგორც თვითმხილველები „რეზონანსს“ უყვებიან, სავარაუდოდ, სისხლიანი გარჩევის მიზეზი ტაქსის მძღოლებს შორის კლიენტის ვერ გაყოფა გახდა – 30 წლის ბიჭმა 50 წლის კაცი ფეხში სანადირო თოფით დაჭრა. მათი თქმით, დაჭრილ მამაკაცს იცნობენ, ხოლო ბრალდებულს - არა.
დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ დაჭრილი მამაკაცი ახალგაზრდას კლიენტების შეცილებაში ადანაშაულებდა და ეუბნებოდა, რომ ადგილი სადაც ის იდგა, მისი იყო. დაჭრილი მამაკაცი ვანიდან ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ტაქსის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„დაჭრილსს ვიცნობთ, ძალიან კარგი ადამიანია და კონფლიქტიც არასდროს არავისთან ჰქონია. წლებია სადგურში ტაქსის მძღოლად მუშაობს. როგორც ამბობენ კლიენტის გამო უდავიათ. ამ ბიჭს არ ვიცნობთ, ვინ არის. მის ადგილას მდგარა და კლიენტებს ართმევდა. ამის გამო მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოულოდნელად მანქანიდან სანადირო თოფი ამოიღო და ამ კაცს დაახალა. მერე ხელიდან წაართვეს და სხვა გასროლის უფლება აღარ მისცეს. ხალხს ნერვები აღარ აქვს მწყობრში, ყველა სროლასა და მკვლელობაზე გადადის. კლიენტების გამო ტაქსის მძღოლებს შორის ჩხუბი ხშირია, მაგრამ ერთმანეთისთვის არავის უსვრია“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. მისი აყვნა ცხელ კვალზე მოხდა. გამოძიება კი 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.