ელზა პაპოშვილი
31.01.2021

მშენებლობაზე დაღუპული კიდევ ერთი მუშა - 29 იანვარს ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ბავშვთა საავადმყოფოსთან მდებარე მშენებლობიდან, მე-11 სართულის სახურავიდან 34 წლის მამუკა ბერიძე გადმოვარდა. ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს, რადგანაც შემთხვევა შუადღის 1-ელ საათზე მოხდა და გარშემო ხალხმრავლობა იყო.  ადგილობრივებისთვის უცნობია, იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული და რა გახდა რეალურად მუშის გარდაცვალების მიზეზი. თვითმხილველები აცხადებენ, რომ გზის მხარეს სამშენებლო კომპანიას დამცავი ბადე აქვს, თუმცა შენობის უკანა მხარეს, საიდანაც მუშა გადმოვარდა, დამცავი ბადე არ არის. 

კომპანია „სუპერ გრუპში“ აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა საკამოდ გამოცდილი მუშა იყო, რომელსაც შესაბამისი სამუშაო ინსტრუქტაჟი ჰქონდა გავლილი. მათი ინფორმაციით, გარდაცვალება სამუშაო პროცესის დროს მოხდა, თუმცა რეალურად რა გახდა მუშის სიმაღლიდან ვარდნის მიზეზი, უცნობია.  

კომპანიის დირექტორი გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა და მას რამდენიმე საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ.  

„რა მოხდა რეალურად, არავინ იცის. ჩვეულებრივად მუშაობდა და სამუშაო პროცესში იყო, როცა გადმოვარდა. ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო. მაშინ როგორ მოხდა, რომ გამოცდილი მუშა ასე გადმოვარდა და დაიღუპა, გაურკვეველია. ამბობენ, რომ კორპუსს გარედან დამცავი ბადე აქვს, მაგრამ საიდანაც ბიჭი გადმოვარდა, უკანა მხარეს, დამცავი ბადე არ არის. რაც მშენებლობა დაიწყო, მას შემდეგ მუშაობს და ახლა რა შეცდომა იქნა დაშვებული, არავინ იცის. 

„შემთხვევა დღის 1-ელ საათზე მოხდა და თვითმხილველიც ბევრი ჰყავს. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ იმხელა სიმაღლიდან ჩამოვარდა, რომ ადგილზევე დაიღუპა“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი „მთელ კვირასთან“.   

აჭარის პროფკავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მშენებლობაზე დასაქმებული 34 წლის მამუკა ბერიძის საქმეს სწავლობენ, ამიტომ წინასწარ რთულია იმის თქმა, გახდა თუ არა მუშის გარდაცვალების მიზეზი მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×