ელზა პაპოშვილი
01.02.2021

სისხლიანი გარჩევა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში - 57 წლის ზურაბ ნარუაშვილმა თანასოფლელები და საკუთარი ძმა დაჭრა, რომელიც მის გაშველებას ცდილობდა.

ირკვევა, რომ კამათი სოფლის გზაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის დამონტაჟების საკითხზე დაიწყო, რაც შემდეგ სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებიან, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულმა სანადირო თოფიდან 6-ჯერ ისროლა.

დაზიანება იქვე მყოფმა 4-მა ადამიანმა მიიღო. მათ შორის ორი კლინიკაში გადაიყვანეს. 28 წლის გიორგი სიჭინავას მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა, ზურაბ ნარუაშვილის ძმა კი თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოს უახლოეს დღეებში დატოვებს.

დაკავებული ზურა ნარუაშვილი წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია რეგისტრირებული სანადირო თოფიც.

ადგილობრივები „რეზონანსს" უყვებიან, რომ მომხდარი ფაქტი მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგანაც დაკავებულს და დაჭრილებს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობა არსებობდა. მათ შორის მსგავს კონფლიქტს ადრე ადგილი არასდროს ჰქონია.

მამაკაცი, რომელიც სანადირო თოფიდან დაიჭრა მძიმე მდგომარეობაშია. მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რაც შეეხება დაჭრილის ძმას, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის მსუბუქად არის დაზიანებული.

„ჩხუბი ძალიან უმნიშვნელო რამზე დაიწყო. რაღაცა სიჩაქარის შემზღუდველი ხაზი იყო და ამაზე შელაპარაკებულან, ეს რატომ გააკეთეთ აქო. მეზობლები არიან და საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ვინ წარმოიდგენდა, რომ სანადირო თოფს გამოიტანდა და სროლას დაიწყებდა.

"ჯერ ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და მერე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ასე მოულოდნელად შევარდა სახლში და თოფი გამოიტანა. მისი ძმა თოფის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც ჭრილობა მანაც მიიღო.

"ადგილიდან არც გაქცეულა, პოლიცის იქვე შემთხვევის ადგილას თოფითვე ჩაბარდა. მუცელშია გიორგი სიჭინავა დაჭრილი და ძმა მგონი ხელში. ბიჭი ცუდად არის ძალიან, რადგანაც მუცელში მოხვდა და უფრო მძიმე ჭრილობა აქვს. 6-ჯერ გაისროლა და 4 ადამიანი დაზიანდა. სამი კარგადაა, მისი ძმაც, მაგრამ ის მეოთხე ბიჭი ძალიან მძიმედ არის",-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×