ელზა პაპოშვილი
02.02.2021

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჩაკეტილია და კომენდატის საათი მოქმედებს, 2020 წელს საქართველოში 4 999 ავტოავარია მოხდა და მათში საერთო ჯამში 450 ადამიანი დაიღუპა. ეს იმ პირობებში, როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში კომენდანტის საათი მოქმედებდა და გარკვეულ პერიოდში საშვის გარეშე ავტომობილით გადაადგილება დღის განმავლობაშიც აკრძალულიც იყო. შსს-ს მიერ 2 თებერვალს გამოქვეყნებულ ამ მონაცემებს სპეციალისტები კატასტროფულს უწოდებენ.

შსს-ს სტატისტიკაში საუბარია იმ შემთხვევებზე, რომლებზეც სისხლის სამართლის კოდექსი ვრცელდება. შედარებისათვის, 2019 წელს საქართველოში მომხდარი ავარიების რაოდენობა 2020-თან შედარებით 840-ით მეტი იყო და ავარიებისას 31 მეტი ადამიანი დაიღუპა.

გარდა ამისა, 2020 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 6 640 ადამიანი დაშავდა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 7 921-ს შეადგენდა.

ექსპერტების შეფასებით, ეს მონაცემეები სერიოზული პრობლემების არსებობაზე მიუთითებს, რადგანაც 2020 წელს, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 31 მარტიდან 23 მაისამდე პერიოდში, ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებდა და მოქალაქეებს საღამოს 21:00 საათიდან დილის ექვს საათამდე ქუჩაში გასვლა ეკრძალებოდათ (გარდა სპეციალური საშვების მქონე პირებისა). იმავე წლის 9 ნოემბრიდან კი, დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გაადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, რაც მოგვიანებით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდამდე გაიზარდა და ეს შეზღუდვა დღემდე გრძელდება. 

საგზაო საკითხების სპეციალისტები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების და მათ შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის გარკვეული შემცირება სწორედ აღნიშნულ შეზღუდვებს უკავშირდება, თუმცა, მობილობის მკვეთრი ვარდნის გათვალისწინებით, კლება უფრო მასშტაბური უნდა ყოფილიყო, რაც არ მოხდა. შესაბამისად, ქვეყანაში ავტოავარიებისა და მათში გარდაცვლილთა სტატისტიკა ისევ მაღალია და მოცემული რიცხვი საგანგაშოა. 

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ კვლევის მიხედვით, რომელიც ბოლო ერთი წლის პერიოდს მოიცავს, ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზები საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას, კანონის აღსრულებასა და ავტომობილების უსაფრთხოებას უკავშირდება. მისივე თქმით, საგზაო უსაფრთხოების სისტემის მოწესრიგების მიზნით, 2016 წლიდან დღემდე, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. მესხიშვილი გამოსავალს ევროდირექტივების დანერგვაში ხედავს. 

„გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ევროპის ქვეყნებთან შედარებით 6-ჯერ მეტია. ევროდირექტივებით იყო რეკომენდაცია, რომ 2020 წელს უნდა განახევრებულიყო სავალალო შედეგები, ნაცვლად ამის გაგვეზარდა. ამის მიზეზი კი ევროდირექტივების გარკვეული მოთხოვნების მთლიანად უგულველყოფაა. 

„ასევე  ქვეყანაში  ტექნიკურად  გაუმართავი ავტომობილები გადაადგილდებიან და ტექდათვალიერება მხოლოდ ფარსია. ვიცით, რომ ავტომობილების უმრავლესობა ნათხოვარი ნაწილებით გადიან  ტექდათვალიერებას. გაუმართავი ავტომობილების გზაზე შემოწმება პოლიციის მხრიდან არ ხდება. არ არსებობს გზის პირა ინსპექტირება. ავტომობილების მეპატრონეები მანიპულირების გზით ტექდათვალიერების გავლას ახერხებენ და შედეგი გზებზე რაც გვაქვს, ვხედავთ“, - აცახდებს მესხიშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში საპატრულო პოლიციის რესურსი არასწორადაა გამოყენებული. იგი შეიძლება მთელი დღე საცობების განტვირთვით იყოს დაკავებული და სადაც რეალურად აუცილებელია, იქ არ შეგვხდეს. მაგალითად, სახიფათო გზებზე, სადაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.

მესხიშვილის აზრით, მოძველებული მიდგომები, საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფა და გულგრილობა, საერთო მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. კერძოდ, შეუძლებელია პატრული ყველა დამრღვევს გაეკიდოს, რის გამოც მნიშვნელოვანია შესაბამისი ტექნოლოგიის (რადარები, კამერები, უკონტაქტო პატრულირება) სრულად განვითარება. თავად ეკიპაჟი კი იქ უნდა პატრულირებდეს, სადაც აუცილებელია - სახიფათო გზებზე. 

გარდა რესურსების არასწორი განაწილებისა, სატრანსპორტო საკითხების ექსპერტი ვასილ ურუშაძე  ყურადღებას „რეზონანსთან“ საუბრისას გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე ამახვილებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურა ე.წ. სასიკვდილო გზებზე (გომბორის, ქუთაისის აეროპორტის გზა და ა.შ.), სადაც ყველაფერი შეუსაბამო და არარელევანტურია. ურუშაძის თქმით, გზა ისე უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ ადამიანს მოერგოს და მისი ჯანრთელობის გაუარესების შემთხვევაში სიკვდილით მაინც არ უნდა დასრულდეს. ამის გამართვისთვის  კი ინფრასტრუქტურა გვჭირდება. 

„მომატებული საფრთხის მქონე გზებს სახელმწიფო უყურადღებოდ ტოვებს, რის გამოც ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება. მომატებული საფრთხის მქონე გზებს შესაბამისი სამსახურები განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდნენ. მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული მოძრაობის უსაფრთხოების განსაკუთრებული წესები და არსებობდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მაფრთხილებელი ნიშნები, შემაკავებელი ბარიერები და ა.შ. თუმცა, საქართველოში ყველაფერი პირიქით ხდება. 

„ყველა ასეთი მომატებული საფრთხის მქონე საავტომობილო გზა სახელმწიფოსგან  მიტოვებულია. სწორედ სახელმწიფო სტრუქტურების გულგრილობისა და მათი ზედაპირული დამოკიდებულების გამო, საქართველოში ყოველწლიურად იღუპება ასობით უდანაშაულო ადამიანი. ამიტომ საქართველო ევროპის მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს, რაც საგანგაშო მაჩვენებელია“, - განაცხადა ურუშაძემ „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×