ელზა პაპოშვილი
17.02.2021

ქობულეთში, 14 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბაბუა პატიმრობაში დატოვეს. გამოძიება 75 წლის ს.ც.-ს სამ ეპიზოდში სდებს ბრალს. პირველად მან არასრულწლოვან შვილიშვილს დეკემბერში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახეში ხელი გაარტყა, ხოლო მეორედ, უკვე იანვარში, სახეში მუშტი დაარტყა და ხელები ყელში მოუჭირა.მესამე ეპიზოდში კი არასრულწლოვანს სიკვდილის მოსპობით დაემუქრა.

პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით შესაძლოა, ბრალდებულმა თავი აარიდოს გამოძიებას და მიიმალოს, აქედან გამომდინარე, პროკურატურამ მისი პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულმა, შესაძლოა ხელი შეუშალოს მტკიცებულებების მოპოვებას და გამოძიებაზე ზემოქმედება მოახდინოს, რადგან, მისივე თქმით, მოწმეთა უმრავლესობა ბრალდებულის ახლო ნათესავები არიან.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი აცხადებს რომ მოზარდის ბაბუამ ბრალი მხოლოდ ერთ ეპიზოდში აღიარა, ხოლო ბრალი დაუსაბუთებელია. დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით 10-ათას ლარიან გირაოს სთავაზობდა, რომელიც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქობულეთში 14 წლის გარდაცვლილ გოგოს საქმეზე დაკავებული ბაბუის სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

14 წლის გოგონა 9 თებერვალს სახლთან გარდაცვლილი ბაბუამ იპოვა. არასრუწლოვანი სოფელ ქაქუთში ორი დღის წინ დაკრძალეს. გოგონა ოჯახის წევრებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა და ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა გარდაცვლილის დედას, რომელიც სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა. ის საქართველოში ტრაგედიის შემდეგ დაბრუნდა. 

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ზაფხულში გოგონა 23 წლის მამაკაცმა გააუპატიურა. მან ამის შესახებ ოჯახს უამბო, რის შემდეგაც გოგონაზე არნახული ზეწოლა დაიწყო. დედა ამტკიცებს, რომ ბავშვზე ბიძებმა იძალადეს და სასტიკად ცემეს. ფსიქოლოგიურად ასევე ბაბუაც ძალადობდა. ამბობდა, რომ გოგონამ ისინი შეარცხვინა და ამის გამო სოფელი უნდა დაეტოვებინა. 

13 წლის ბავშვი გარდაცვალებმდე დედას ესაუბრა და ის თურქეთში წასვლას გეგმავდა, თუმცა მეორე დღეს მან თავი მოიკლა. დედას ეს ეპიზოდი აეჭვებს და ვარაუდობს, რომ ბავშვი ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. 

თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  

სწორედ მის დაკავებასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები. დედა ამბობს, რომ მამაკაცის დაკავება აქამდეც უნდა მომხდარიყო, რადგნაც ის გოგონაზე ზეწოლას აგრძელებდა და მეორედ უკვე რამდენიმე თვის წინ გააუპატიურა. პროკურატურა კი ამბობს, რომ ისინი ექსპერტიზის პასუხებს ელოდნენ და ამიტომ ვერ დააკავეს. თუმცა კანონის მიხედვით 16 წლამდე მოზარდთან სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. 

გოგონას დედა, ბაბუასთან ერთად, ბიძების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს, რომლებიც მისი თქმით, 14 წლის მოზარდზე ბაბუასთან ერთად ძალადობდნენ.

“14 წელი ვიყავი მაგათი რძალი, მე თვითონ ვიყავი ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ ჩემი ყოფილი მამამთილის დაჭერა  ძალიან გამიხარდა. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო და მაშინ დაეკავებინათ, უფრო კარგი იქნებოდა და ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა. 

“ჩემი შვილის გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუა მასზე ძალადობდა. ასევე არსებობს მიმოწერები ჩემსა და მას შორის, სადაც ბავშვი ამ ძალადობის შესახებ მიყვება. მიმოწერა მამიდასთანაც მქონდა, სადაც ასევე საინტერესო იფრომაციები შეიძლება პოლიციამ მიიღოს. 

“ბავშვს ტელეფონი არ ჰქონდა, ამიტომაც მამიდიდან მხოლოდ ვიდეოთი ვესაუბრებოდი. ის ამ ძალადობების შესახებ მიყვებოდა. სასტიკად ცემეს ბიძებმა და ეს ექსპერტმაც ნახა. 

“ამიტომ მათი პასუხისმგებლობის დაყენებასაც მოვითხოვ. საეჭვოა რატომ მოიკლა მან თავი, როცა თურექეთში მიმყავდა და გახარებული იყო. ეს იქნას გამოძიებული ვინ მოახდინა მასზე ისევ ზეწოლა,"- ამბობს გარდაცვლილი მოზარდის დედა მერი რომანაძე „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×