ელზა პაპოშვილი
26.02.2021

ზუგდიდში ოქროს ბირჟის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი კაცი პოლიციამ დევნის დროს მოკლა. ყაჩაღობა ზუგდიდში ლენინგრადის ქუჩაზე  შუადღისით მოხდა. როგორც თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, სავარაუდოდ, ორი შეიარაღებული მამაკაცი სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და იარაღის მუქარით ძვირფასეულობა გაიტაცა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს  და სამართალდამცველები მათ გაედევნენ. ერთ-ერთ დამნაშავეს, 25 წლის კაცს ბადრი შუბითიძეს  საცხოვრებელ სახლში მიაგნეს და მისი აყვანის ოპერაცია დაიწყეს. ეჭვმიტანილმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, საპასუხო სროლის დროს კი სასიკვდილოდ დაიჭრა.

 პოლიციამ ადგილზე სასწრაფო გამოიძახა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.  პოლიცია უარყოფს ინფორმაციას, რომ ძარცვაში ორი პირი მონაწილეობდა. მძარცველებმა ასი ათასი ლარის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. გარდაცვლილი ბადრი შუბითიძის ოჯახი ამბობს, რომ მათი შვილი, სავარაუდოდ, ამ საქმეში სხვა პირებმა ჩაითრიეს. ისინი ჩატარებული ოპერაციის გამო შსს-ს აკრიტიკებენ  და ამბობენ, რომ შუბითიძის ცოცხალდ აყვანა შეეძლოთ. პოლიციამ სავარაუდოდ, ორმხრივი  სროლის  დროს ის ფეხის და მუცლის არეში დაჭრა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. 

„ორი ნიღბიანი ახალგაზრდა შეიჭრა ოქროს ბირჟაზე. შეიარაღებულები იყვნენ და ძვირფასეულობის გატაცება შეძლეს. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. გამყიდველებს უთხრეს, რომ რაც ჰქონდათ ოქროულობა სასწრაფოდ ჩაეყარათ, თუ არა და ყველას დახოცავდნენ. ასევე გააფთხილეს, რომ პოლიციის გამოძახება არც ეცადათ. ოქროს და ბრილიანტების წაღება მოსაწრეს და ადგილიდანაც მიიმალნენ. 

პოლიცია გამოძახებიდან შემთხვევის ადგილას მალევე მივიდა და როგორც ჩანს დამნაშავის კვალს მალევე მიაგნო. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. მისი დაკავების ოპერაცია რომ დაიწყეს და დაუძახეს, ჩაგვბარდიო მან ცეცხლი გაუხსნა. პოლიციამაც საპასუხოდ გაისროლა. უგონო მდგომარეობაში იპოვეს. 25 წლამდე ახალგაზრდა იყო“, - ამბობს ერთ-ერთი აადგილობრივი „რეზონანსთან“. 

სამართალდამცველები და ექსპერტ კრიმინალისტები ადგილზე  მუშაობენ. შსს-ს განცხადებით, ზუგდიდში, ოქროს ბირჟის დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი უგონო მდგომარეობაში ნახეს. უწყება აცხადებს, რომ ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ბრალდებულს პოლიციამ საპასუხოდ ესროლა. 

„რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით, საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციის მიერ უგონო მდგომარეობაში იქნა ნანახი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - წერია უწყების განცხადებაში. 

უწყება აცხადებს, რომ გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×