ელზა პაპოშვილი
02.03.2021

სასტიკი დანაშაული თბილისში - ქმარი ცოლს ღალატის აღიარების გამო ჯერ 5 საათის განმავლობაში სცემდა, შემდეგ კი ცივი შხაპის ქვეშ აწამებდა. მამაკაცი ცოლს ღალატში ადანაშაულებდა და ეუბნებოდა, რომ დაესახელებინა იმ ადამიანის ვინაობა, ვისთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა.  

მამაკაცი ცოლს, ასევე, ფულის მეგობარი მამაკაცისთვის  სესხებაში ადანაშაულებდა. მამაკაცი მანამდე  ძალადობდა ქალის ოჯახზეც. ის მის მშობლებს იარაღით ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ თუკი მის საქმეში ჩაერეოდნენ, დახოცავდა. ფიზიკურად გაუსწორდა ცოლისძმასაც, რომელიც დის შეურაცხყოფას  პირადად შეესწრო. სავარაუდოდ, 24 თებერვალს  ოჯახს გაუჩნდა ეჭვი, რომ ქალზე ქმარი ძალადობდა, როდესაც მასთან დაკავშირება ვერ შეძლეს. პოლიცია  გამოიძახეს, რომელსაც  ქალი სახლში ნაცემი და ნაწამები დახვდა.

„რეზონანსთან“ ქალის ახლობლები ჰყვებიან, რომ ის ქმრის ძალადობას მხოლოდ იმიტომ მალავდა, რომ ეშინოდა, მის მშობლებსა და ძმაზე შური არ ეძია. გოგონას ოჯახს რომ პოლიცია არ გამოეძახებინა, არ არის გამორიცხული, სიტუაცია ფატალურად დასრულებულიყო. 

„ცოლზე, თურმე, სისტემატურად ძალადობდა, მაგრამ ქალი ამის შესახებ არავის ეუბნებოდა, ეშინოდა, რომ მის მშობლებსა და ძმას რამეს დაუშავებდა. ეს ადამიანი, თურმე, ამას არც მალავდა და ემუქრებოდა. როცა უკვე ცოლზე ანგარიშსწორება და შეურაცხყოფა ღიად დაიწყო, საქმეში მშობლები ჩაერივნენ, მაგრამ მათაც ფიზიკურად გაუსწორდა და დახოცვით ემუქრებოდა. ცოლისძმასაც სცემა. 

„გოგოს ეშინოდა - რომ გავშორდე, ოჯახს დამიხოცავსო. უცემია - მღალატობ და სანამ იმ პირის ვინაობას არ დამისახელებ, სახლიდან ვერ გახვალო. 4-5 საათი სცემდა და აწამებდა. ოჯახს გაუჩნდა ეჭვი, რომ სიტუაცია  ცუდი იყო, ამიტომაც პოლიცია გამოიძახეს, გოგო ამ მდგომარეობაში მათ იპოვეს. გადარჩენილია, რადგანაც არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ახლობელი. 

საქართველოს პროკურატურამ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამებისთვის, ძალადობისა და მუქარისთვის გ.ხ-ს ბრალი წარუდგინა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2021 წლის 24 თებერვალს თბილისში, გ.ხ-მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, აწამა ს.მ. როგორც პროკურატურა განმარტავს, გ.ხ. დაზარალებულს 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც იატაკზე დააგდო და ხელებითა და ფეხებით ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. შემდეგ გ.ხ-მ დაზარალებული ძალის გამოყენებით სააბაზანოში შეიყვანა და ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა.

„გ.ხ.-ს ქმედებები მიზნად ისახავდა ს.მ.-ს იძულებას, ეღიარებინა ღალატი და დაესახელებინა პირი, ვისაც თანხა ასესხა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 25 თებერვალს, გ.ხ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ს.მ.-ს, მეუღლის მშობლებს, გ.მ.-ს, ლ.ს.-ს და ძმას, გ.მ.-ს, ხოლო გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად იძალადა მეუღლის მამასა და ძმაზე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გ.ხ.-ს ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1441 მუხლის პირველი ნაწილი, 11-151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (სამი ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1261 მუხლის პირველი ნაწილი და 126-ე მუხლის პირველი ნაწილი წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ხ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×