ელზა პაპოშვილი
16.03.2021

მონობის 5 წელი ნინოწმინდაში - პოლიციამ ადგილობრივი მამა-შვილი დააკავა, რომელთაც ბრალად ედებათ საკუთარ ფერმაში სომხეთის მოქალაქეების მოტყუებით ჩაყვანა, მათთვის საბუთების ჩამორთმევა და მუშაობის იძულება. ადგილობრივი მცხოვრებლები გამოძიების ამ ვერსიას არ ეთანხმებიან.

გამოძიების ინფორმაციით, მამა-შვილი, 61 წლის და 27 წლის მამაკაცები სომხეთის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს კარგ სამუშაო პირობებს დაჰპირდნენ და 6  წლის წინ საქართველოში ჩამოიყვანეს. ისინი მათ ერთ-ერთ ფერმაში შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. 

სომხეთის მოქალაქეებს ჩამორთმეული ჰქონდათ პირადი საბუთები და შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილება. ყველაფერი კი მას შემდეგ გამომჟღავნდა, რაც ერთ-ერთმა მათგანმა ფერმიდან გაქცევა შეძლო და სომხეთში არალეგალურად გადასვლას შეეცადა.

„რეზონანსი“ ადგილობრივებს ესაუბრა, რომლებიც კარგად იცნობენ როგორც ბრალდებულებს, ასევე დაზარალებულებს. ადგილობრივები გამოძიების ვერსიას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები ფერმაში დიდი ხანია საკუთარი ნებით მუშაობდნენ, საბუთებიც თან ჰქონდათ და შეეძლოთ ნებისმიერ დროს წასულიყვნენ. ისინი არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ფერმაში მომუშავეს ადამაინებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 

„არავინ არავის არც ცემდა და არც მუშაობას აიძულებდა. ეს ადამიანები ფერმაში ჩვეულებრივად იყვნენ დასაქმებული და გარეთაც მოსახლეობასთან კონტაქტობდნენ. ძალიან კარგად ვიცნობთ სამივეს და დაკავებულ მამა-შვილსაც. რა მოხდა და რატომ გადაწყვიტა პოლიციამ მათი დაკავება, ვერაფერს გეტყვით. ჩვენთვისაც სრულიად გაუგებარი ამბავია. 

„თუ ასეთი წნეხის და წამების ქვეშ იყვნენ, ვიღაცისთვის რაღაც ხომ უნდა ეთქვათ? არ ვიცი სხვა ვინ პირებზეა საუბარი, ეს მამაშვილი ჩვეულებივი მცხოვრებლები არიან და სამუშაოდ ხალხს ქირაობენ“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.  

კიდევ ერთი ადგილობვირი „რეზონანსთან“ ადასტურებს, რომ ფერმაში 4 კამერა ნამდვილად დამონტაჟებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს უთვალთვალებდა. მისი აზრით, ეს მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებული კამერებია, რადგანაც ფერმის ტერიტორიაზე  რამე არ მოიპარონ.  

„ამ ადამიანებს სოფელში ყველა იცნობს. არასდროს უთქვამთ, რომ ვინმე მუშაობას აიძულებდათ. ჩვეულებრივად მუშაობდნენ და დასაქმებულები იყვნენ. არ ვიცით რა შეთანხმება ჰქონდათ და რამდენს უხდიდნენ, მაგრამ მათზე ძალადობის რაიმე ფაქტი არ შეგვინიშნავს. 

„ფერმაში კამერები ნამდვილად არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს უთვალთვალებენ. ეს არის უსაფრთხოების გამო დამონტაჟებული კამერები, რომ ფერმაში რამე არ მოიპარონ. 

„წლებია ამ მამა-შვილს ვიცნობთ და წარმოდგენა გვიჭირს, რომ ამას აკეთებდნენ. სოფლიდანაც უმუშავიათ ადგილობრივებს და ჩვეულებრივად ფულიც გადაუხდიათ და არანაირი პრობლემა არ ყოფილა“, - აცხადებს კიდევ ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.  

სამართალდამცველებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ტრეფიკინგის ბრალდებით მამა-შვილი - 61 და 27 წლის მამაკაცები დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 2015-2016 წლებში სომხეთის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს საქართველოში კარგი სამუშაო პირობები შესთავაზეს. მამა-შვილი მათ საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში დაეხმარა, შემდეგ კი საკუთარი ავტომობილით საქართველოში ჩამოიყვანეს. 

ბრალდებულებმა სომხეთის მოქალაქეები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელთან მდებარე საქონლის ფერმაში მიიყვანეს, სადაც მუქარით და იძულებით უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ანაზღაურების გარეშე წლების განმავლობაში ამუშავებდნენ.

„ბრალდებულები უკანონოდ დატყვევებულ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავდნენ და მუდმივად აკონტროლებდნენ როგორც პირადად, ასევე საცხოვრებელ სახლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების საშუალებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციამ აღნიშნული ფაქტის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მონობაში მყოფმა სომხეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ ფერმიდან გაქცევა მოახერხა და სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთას შეეცადა, რა დროსაც იგი სასაზღვრო პოლიციამ დააკავა.

სამი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×