ქრისტინე კაპანაძე
16.03.2021

საქართველოში „ასტრაზენეკათი" ვაქცინირებული ჯანდაცვის მუშაკების რიცხვმა ერთ დღეში 668 შეადგინა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ აღნიშნული რიცხვი უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ვაქცინაციის პროცესში მედ-პერსონალის ჩართვა უახლოეს დღეებში არ გააქტიურდება, სამიზნე მაჩვენებელს ვერ მივაღწევთ. პარალელურად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში „ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია, გამოვლენილი გვერდითი მოვლენების გამო, დროებით შეჩერებულია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვაქცინის ეფექტურობაში ეჭვი არ შეაქვს.

„ვფიქრობ აღნიშნული რიცხვი ძალიან დაბალი მაჩვენებელია. თუ შემდეგ დღეებში ეს ტემპი შენარჩუნდა, ვერ მივაღწევთ სამიზნე მაჩვენებელს. 668 ძალიან დაბალია. მომდევნო დღეებში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ „ასტრაზენეკა" უსაფრთხო ვაქცინაა," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

რატომაა ვაქცინაციისადმი მედიკოსთა ნაწილში სკეპტიკური დამოკიდებულება? ეპიდემიოლოგ ალექსანდრე გოგინავას აზრით, აცრაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი შესაძლოა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში „ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენების შეჩერება იყოს.

„პირდაპირ ვერ ვიტყოდი, რომ მედიცინის მუშაკებს ზოგადად ანტივაქცინური დამოკიდებულება აქვთ. იმედი მაქვს ეს ასე არ არის. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მედიცინის ზოგიერთ მუშაკს აქვს ამ კონკრეტული ვაქცინის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, რადგან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნული ვაქცინა დროებით შეჩერდა და სწორედ ეს შეიძლება იყოს მთავარი და ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

„მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, რომ აღნიშნული ვაქცინა არავითარი საფრთხის შემცველი არ არის და მათ შორის საქართველოშიც გასცა რეკომენდაცია ამ ვაქცინის გამოყენების თაობაზე.

„ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ნაწილი არის ინფორმაციის სწორად მიწოდება, ამ შემთხვევაში მედპერსონალისათვის. ეს ევალება ოფიციალურ სტუქტურებს, რომ ჩაატარონ შეხვედრები, სხვადასხვა კამპანიები ჯანდაცვის წარმომადგენლებთან, ექიმებთან, რათა ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს იმაზე უფრო აქტიურად, ვიდრე ახლა მიმდიანარეობს.

„რეალურად აუცილებელია ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვა და ამას ორი მნიშნელოვანი მიზანი აქვს. ერთი ის, რომ ჯანდაცვის მუშაკები არიან პირველები, რომლებიც ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე იმყოფებიან და მეორე ის, რომ მოსახლეობაში გაჩნდეს სანდოობა „ასტრაზენეკას" ვაქცინის მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია მედპერსონალში ვაქცინაცია სწრაფად და აქტიურად ჩატარდეს, რათა მოვახერხოთ რომ წლის ბოლოს გვყავდეს მოსახლეობის 60%-ზე მეტი იმუნიზირებული," - ამბობს ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას.

ვინ და რატომ შეაჩერა „ასტრაზენეკას" გამოყენება

ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, სამშაბათს საფრანგეთმაც შეაჩერა „ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენება. საფრანგეთის ვაქცინაციის კამპანიის ხელმძღვანელის, პროფესორი ალენ ფიშერის თქმით, ვაქცინის გამოყენება დროებით შეჩერდა, რადგან აცრილ ადამიანებში გვერდითი მოვლენები მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც გამოვლინდა.

საფრანგეთთან ერთად, ამჟამად „ასტრაზენეკას" გამოყენება ევროპის კიდევ ოცამდე ქვეყანაშია შეჩერებული. მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა თრომბი, (სისხლის შედედება) განვითარდეს.

„ასტრაზენეკას" გამოყენება ასევე შეჩერებულია შვედეთში, ლატვიაში, ესპანეთში, დანიაში, იტალიაში, გერმანიაში, ნორვეგიაში, ლუქსემბურგში, კვიპროსში, პორტუგალიაში, სლოვენიაში, ინდონეზიაში, ნიდერლანდებში, ირლანდიაში, ბულგარეთში, კონგოში, ტაილანდში, რუმინეთში, ისლანდიაში, დანიაში, ნორვეგიასა და ავსტრიაში.

„შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ მიიღო „სტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების გადაწყვეტილება, სანამ არ მოხდება ევროპის წამლების სააგენტოს მიერ საეჭვო გვერდითი მოვლენების გამოძიება," - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

შვედეთის სამედიცინო პროდუქტების სააგენტომ კი განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემდეგ ადამიანებში დაფიქსირდა თრომბის 10 შემთხვევა და თრომბოციტების დაბალი დონის შემთხვევა.

ლატვიის მთავრობის ჯანდაცვის სააგენტოებმა კი, 16 მარტს გაავრცელეს „ასტრაზენეკას" ვაქცინის დროებითი შეჩერების შესახებ ინფორმაცია.

„ამ ნაბიჯის გადადგმა მოხდა დამატებითი სიფრთხილისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიის მთავრობამ 15 მარტს განაცხადა „ასტრაზენეკას" გამოყენების შეჩერების შესახებ.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „სიფრთხილისთვის" და გერმანიის ვაქცინის ეროვნული მარეგულირებლის, პოლ ერლიხის ინსტიტუტის რჩევით, რომელმაც მოითხოვა გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი გამოძიება.

იტალიის მედიკამენტების სააგენტომაც 15 მარტს განაცხადა, რომ იგი შეუერთდა ევროპის სხვა ქვეყნებს „ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენების შეჩერებაში.

აღნიშნული ვაქცინის შეჩერების შესახებ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებას შეუერთდა ესპანეთიც და 15 მარტს გამოაცხადა, რომ შეაჩერებს „ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენებას მინიმუმ ორი კვირით, რათა ექსპერტებმა გადახედონ მის უსაფრთხოებას.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დროებით შევაჩეროთ „ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება", - განუცხადა ჟურნალისტებს ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა კაროლინა დარიასმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით კი, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გვერდითი მოვლენები ვაქცინაციას უკავშრდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×