თამთა ჩაჩანიძე
16.03.2021

სამშაბათს კორონავირუსის მაჩვენებელის ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით შემთხვევათა რაოდენობამ თითქმის სამი ასეულით მოიმატა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ეს მანიშნებელია, იმის, რომ ინფექცია კვლავ ცირკულირებს და ეპიდვითარების გაუარესების რისკი არსებობს. მესამე ტალღის საფრთხეზე საუბრობენ სხვა სპეციალისტებიც.

„29 600 ტესტის ჩატარების ფონზე გვაქვს 537 ახალი შემთხვევა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინფექცია არსად გამქრალა და არის რისკი, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდეს. მითუმეტეს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეტაპობრივად შემსუბუქდა გარკვეული შეზღუდვები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ეს ყველაფერი", - განაცხადა გამყრელიძემ.

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ინტერპრესნიუსთან" კორონავირუსის მესამე ტალღის საფრთხეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელმა იკლო, რის შედეგადაც არსებობს რისკი, რომ მესამე ტალღა დაიწყოს.

„შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღის განვითარების რისკი არსებობს. ამიტომ, საქართველოს მოსახლეობა მაქსიმალური ყურადღებით უნდა იყოს, რადგან პირბადის ტარების მაჩვენებელი სავალალოდ არის შემცირებული, 43%-მდე. ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალი უნდა იყოს, 90%-ზე მეტი.

„მართალია, დღეს ტესტირების რაოდენობა მაღალია, მაგრამ დღეს 537 ადამიანია ინფიცირებული, რაც ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციფრია. ყველა ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ქვეყანამ რეგულაციების აღსრულება უნდა გაამკაცროს, ზედამხედველობას ვგულისხმობ და არა შეზღუდვების შემოღებას. რაც არის გახსნითი ღონისძიებები, აუცილებლად უნდა დავიწყოთ ამ რეგულაციების კონტროლი, ეს იქნება სარესტორნო ბიზნესი, ზამთრის კურორტები თუ სხვა.

„არ დაგვავიწყდეს 43%, რაც პირბადის ტარების თვალსაზრისით გვაქვს. ზუსტად იგივე მაჩვენებელი იყო აგვისტოს თვეში და რაც აგვისტოში ამ მოშვებით დაგვემართა, ეს ყველაფერი ნოემბერ-დეკემბერში საკუთარ თავზე გამოვცადეთ", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ამ კვირაში შემთხევების მატება შეიმჩნევა, თუმცა, თუ რეგულაციების დაცვა შევძელით, მესამე ტალღას თავიდან ავირიდებთ.

„მესამე ტალღა იქნება თუ არა, ჩვენზეა დამოკიდებული. თუ შევძელით, რომ ნიღბების ტარების მაჩვენებელი გავაუმჯობესეთ, მაშინ მესამე ტალღის თავიდან აცილებას ალბათ შევძლებთ, მაგრამ თუ იმ ადამიანების პროცენტული წილის კლება გაგრძელდა, ვინც პირბადეებს ატარებს, მაშინ საფრთხე მაღალი იქნება, მით უმეტეს, რომ თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნილია და ახლა კომენდანტი საათის გადაწევაზეც საუბრობენ. ამ პირობებში კი ბოლო შეზღუდვები რაც მოიხსნა, იმის მერე ორი-სამი კვირა უნდა, რომ გამოვლინდეს რეალურად ინფიცირებულთა მატება გვექნება თუ არა.

„ამ კვირაში თითქოს ნელ-ნელა იმატებს, მაგრამ ვნახოთ ამ მომატების ტენდენცია რამდენად მყარია. ორი-სამი კვირის წინ როგორც ვიქცეოდით, იმის შედეგი ინფიცირებულთა რაოდენობაში ვლინდება ახლა. სამწუხაროდ, სიკვდილიანობას ამ კუთხით სადღაც ერთი თვე უნდა.

„ზაფხულში რეგულაციების მოხსნით ძალიან ცუდი რამ მივიღეთ, თუმცა მაშინ არჩევნები, დიდი აქტივობა და მობილობა იყო, პრაქტიკულად რეგულაციებს არავინ იცავდა და იმედი გვაქვს, რომ შემოდგომიდან მწარე გაკვეთილიდან დასკვნა გამოვიტანეთ.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან კომუნიკაცია მუდმივად იყოს და პირბადეების ტარება კვლავაც გაკონტროლდეს.

„ყველაფერი შესაძლებელია. შესაძლოა ერთ დღეში აფეთქდეს და დღეში ათასობთ ინფიცირებული იყოს, მაგრამ ეს რომ თავიდან ავიცილოთ, რეგულაციები აუცილებლად უნდა დავიცვათ," - განაცხადა ზოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×