ელზა პაპოშვილი
19.03.2021

27 წალის მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ, სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს იმაზე დისკუსია, უნდა გაგრძლედეს თუ არა საქართველოში ვაქცინაციის პროცესი. ჯანდაცვის სამინისტრომ ამაზე უკვე გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება გაგრძელდება. 

თუმცა ცნობილი ხდება, რომ 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდა, ამ პრეპარატით აცრის შემდეგ ალერგიული რეაქცია თბილისში ვაქცინაციის შემდეგ ახალგაზრდა ექიმს განუვითარდა, თუმცა მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  საბოლოო გადაწყვეტილება, იყო თუ არა მეგი ბაქრაძის  შემთხვევა ანაფილაქსიური შოკი, გვერდითი მოქმედების კომიტეტმა უნდა მიიღოს. მისივე თქმით, ანაფილაქსიური შოკი ჯერ არ დადასტურებულა.

„ახალგაზრდა ადამიანია. იცით, რომ არსებობს კომიტეტი ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების, მათთან იყო კომუნიკაცია. ეს ახალგაზრდა ქალი არის ერთ-ერთ საავადმყოფოში. იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედების კომიტეტმა, იყო თუ არა იქ ანაფილაქსიური შოკი.

იქ იყო გიდასტურებთ, მწვავე ალერგიული რეაქცია. თვითონ ანაფილაქსია მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს, მაგრამ იყო თუ არა შოკი, ეს დასადასტურებელია, ახლა ის კარგად არის,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის ექსპერტების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება. 

„ვაქცინაციის ექსპერტების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროგრამის გაგრძელების შესახებ, რაც ემყარება ევროპის მარეგულირებლის დასკვნას. გამომდინარე იქიდან, რომ ასტრაზენეკას ფონზე გვერდითი მოვლენები არსებობს, მაგრამ რისკები მნიშვნელოვნად მცირეა, მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით, ვაქცინაციის პროცესი ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით გაგრძელდება. 

ექსპერტების რეკომენდაციით, ვაქცინაცია მრავალპროფილურ სტაციონარებში ჩატარდება.

გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა დროულად შესრულდა და 1 წუთი არ დაკარგულა და იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და ვაქცინაციის პროცესს უკავშირდება, მაინც უფრო უსაფრთხოა მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება. ამიტომ, ყველა ის ჯავშანი, რომელიც ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ ამბულატორიულ დაწესებულებებში დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მრავალპროფილურ სტაციონარებში.

40 კლინიკაა, რომელსაც რეანიმაციული განყოფილება აქვს და ყველა პირობასთან ერთად, ანაფილაქსიური რეაქციის სწრაფი მართვისთვის აქ არის კიდევ დამატებითი რეანიმაციული განყოფილება, რაც იმის გარანტიას გვაძლევს, რომ ჩარევა დროული იყოს,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.  

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე კი აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესის დისკრედიტაცია არ უნდა მოხდეს. 

„ახლა ვაქცინაციის პროცესს დისკრედიტაციის საშუალება არ უნდა მივცეთ. მნიშვნელოვანია სწორი და გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულად ამ შემთხვევის შესახებ. 

ჩართული იქნება ყველა საერთაშორისო დონეზე - ჯანმო, ვაქცინის მწარმოებლები და ა.შ. მივაწოდოთ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია, რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი.  არსებობს მოსაზრება, თითქოს კოვიდგადატანილებისთვის არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ვაქცინაცია, ეს არის დეზინფორმაცია და მტკნარი ტყუილი.

გული მწყდება, რომ ვიღაცები ცდილობენ ეს ტრაგედია კომერციული მიზნებით გამოიყენონ,“ -აღნიშნა აკაკი ზოიძემ. 

ის აცხადებს, რომ მსოფლიოში პანდემიით შექმნილი კოშმარული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია. 

„ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ კოშმარული სიტუაციიდან, რაც შექმნა პანდემიამ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში და მეორე, რომ ვაქცინისგან მოსალოდნელი სარგებელი ბევრ ათასეულჯერ აჭარბებს იმ რისკს, რაც არ უნდა ტრაგიკული გამოხატულება გვქონდეს ჩვენ ამ რისკის რეალიზაციისა, რაც იყო ჩემი ახალგაზრდა კოლეგის გარდაცვალება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ.

იმავდროულად, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გვაქვს პანდემიით დაღუპულ ადამიანებში. სანამ არ მოხდება ვაქცინაციით 60-70%-ით ჩვენი მოქალაქეების მოცვა, ყოველდღე უნდა ველოდოთ, რომ 10, 15, 20, ღმერთმა დაგვიფაროს როგორც ეს დეკემბერში იყო, ამდენი რაოდენობით ადამიანი დაიღუპება,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, რაც არ უნდა რისკთან იყოს დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი, ეს რისკი გაცილებით ნაკლებია ვიდრე ის, რაც შეიძლება კორონავირუსმა მოუტანოს თითოეულ ჩვენგანს.

მისივე თქმით, სხვა არჩევანი არ არსებობს და ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს.

„რაც არ უნდა მძიმე იყოს, რაც არ უნდა რისკთან იყოს დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი, ეს რისკი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უშუალოდ ის რისკი, რაც შეიძლება კორონავირუსმა მოუტანოს თითოეულ ჩვენგანს.

ასე რომ, მე ვფიქრობ, სხვა არჩევანი არ გვაქვს, ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს, უნდა გაგრძელდეს უფრო მეტად მომზადებული, უფრო მეტად ამ შემთხვევის გათვალისწინებით სიფრთხილით ჩატარებული ყველა ინექციის ფონზე, მაგრამ გავიმეორებ, სამწუხაროდ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს,“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×