ელზა პაპოშვილი
22.03.2021

სპეციალისტები შიშობენ, რომ თუ კი საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდება და მოსახლეობა და მედიკსოები აცრაზე უარს იტყვიან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა გარდაუვალია. მათი თქმით, ასევე, აუცილებელია, რომ პირბადის ტარების წესები 95%-მდე ავიდეს და ყველა ის წესები დავიცვათ, რაც  რეგულაციებით არის გათვალისწინებული. კორონავირუსისი მესამე ტალღა აპრილშია მოსალოდნელი, ამიტომაც მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.  

ევროკომისიამ ევროპაში კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყება კი უკვე  გამოაცხადა. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დანა სპინანტმა განაცხადა. მისივე თქმით, მესამე ტალღა თანდათანობით და ზოგ შემთხვევაში სწრაფად მიიწევს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ საჭიროა, დაჩქარდეს მოსახლეობის ვაქცინაცია", - დასძინა სპინანტმა. Worldometers-ის ბოლო მაჩვენებლებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 122,493,459-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 2,705,392 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 98,746,495 გამოჯანმრთელდა. 

თუ ისე გავივლით მარტსა და აპრილს, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღას ავცდებით, - ამის შესახებ კი  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მესამე ტალღას ამ ეტაპზე პირბადე შეაჩერებს.

„მესამე ტალღის რისკი არის. თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს და დაწესებულ რეგულაციებს, მესამე ტალღის რისკი არსებობს. მესამე ტალღას ამ ეტაპზე შეაჩერებს პირბადე. ასევე, უფრო მეტად უნდა დავიცვათ დისტანცია, მოვერიდოთ თავშეყრას. ვაქცინაცია კარგია, მაგრამ მას დაუყოვნებელი ეფექტი არ აქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თუ მოსახლეობა უარს იტყვის მასობრივ ვაქცინაციაზე, გვაქვს შემდეგი პერსპექტივა, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, გარდაცვლილთა რაოდენობაც, სამწუხაროდ, მოიმატებს, - თქვა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცაძე იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინაციისადმი მოსახლეობაში არსებული სკეპტიციზმი დროებითი იქნება. 

“თუ მოსახლეობა უარს იტყვის მასობრივ ვაქცინაციაზე, გვაქვს შემდეგი პერსპექტივა, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, გარდაცვლილთა რაოდენობაც, სამწუხაროდ, მოიმატებს. გვექნება ის ავადსახსენებელი მესამე ტალღა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და დანარჩენი ქვეყნები ევროპასა და ამერიკაში ელოდებიან. ამას მოჰყვება ახალი შეზღუდვები, ლოკდაუნები, ეკონომიკის რეცესია, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების პირობების გაუარესება და ყველაფერი ის, რაც ძალიან მტკივნეულად გადავიტანეთ. 

“ახლა მოსახლეობამ გააკეთოს არჩევანი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობა გამოიჩენს მისთვის ჩვეულ სიბრძნეს და რომ ეს სკეპტიციზმი, იქნება მხოლოდ დროებითი და უახლოეს მომავალში, უკვე მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე. 

“მესამე ტალღა და ციფრების მატება იქნება" - ამბობს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. მისი თქმით, მესამე ტალღის გავრცელება საქართველოში თბილ პერიოდს ემთხვევა, რაც დამაიმედებელია. 

"ვირუსს აქვს ძალიან მაღალი გავრცელების, რეპროდუქციული მაჩვენებელი. ამ რეპორდუქციული მაჩვენებლის 1%-ის ქვემოთ შენარჩუნებას, ანუ პანდემიის სტაბილურობას უზრუნველყოფს 1 - მობილობის შემცირება და 2 - პირბადის ტარება.

მესამე გავლენის მომხდენი არის ვაქცინაცია, რაც ჩვენ დროის მოკლე პერიოდში ვერ წამოგვეხმარება, რადგან ამ შემთხვევაში უკვე დიდი პოპულაცია უნდა იყოს აცრილი.

ანუ ჩვენ რეალურად ვრჩებით, რეგულაციების მართვის იმედზე. აღსრულების მხრივ უნდა იყოს სიმკაცრე, რადგან ჩვენ არ უნდა მივცეთ მოქალაქეებს და ბიზნესს მოდუნების საშუალება. თავად ბიზნესმაც არ უნდა მისცეს საკუთარ თავს მოდუნების საშუალება.

ერთადერთი დაიმაიმედებელი არის ის, რომ შესაძლო მესამე ტალღა თბილ პერიოდს დაემთხვევა - გაზაფხულის ბოლო და ზაფხულისკენ. ამ პერიოდში ადამიანების დიდი ნაწილი ქუჩაში ატარებს დროს, ისედაც ბუნებრივი ვენტილაცია გაძლიერებულია, მჭიდრო კონტაქტი ნაკლებია და შესაბამისად, ეს [მესამე ტალღა] ისეთივე მასშტაბური არ იქნება, როგორიც იყო შემოდგომით. იქნება ახალი ტალღა, მაგრამ ეს არ იქნება ცუნამისებური, როგორიც ჩვენ უკვე გადავიტანეთ", - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.  

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე კორონავირუსის მესამე ტალღას აპრილის თვეში პროგნოზირებს. ენდელაძე მოსახლეობას კვლავ მოუწოდებს, ხალხმრავალი სარიტუალო ღონისძიებებისგან თავი შეიკავოს. 

“აპრილში შეიძლება იყოს მესამე ტალღა, მაგრამ ისეთი სიძლიერით არ იქნება. წარმოუდგენელია, რომ მოსახლეობამ არ გაითავისოს, რომ არ იყოს მასიური ქორწილები, ქელეხები, თორემ ეს თუ გაგრძელდა ისე, როგორც გასული წლის აგვისტოში გავთამამდით, კი ვნახეთ რაც მოხდა, ასე ალბათ არ იქნება და ამის პარალლურად იქნება ვაქცინაცია,"- განაცხადა მარინა ენდელაძემ  

რა მანიშნებლებზე დაყრდნობით მიიჩნევს გიორგი ფხაკაძე, რომ კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა უკვე დაწყებულია? - გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში აცხადებს, ახლა ამისი მანიშნებელი პატარ-პატარა ბიძგებია, "უკვე დიდ მიწისძვრას ჩვენ დავინახავთ რამდენიმე კვირაში" :

"როდესაც ვულკანი აფეთქდება, არავინ არ იცის, როდის იქნება დიდი მიწისძვრა, მაგრამ ერთი რამე ვიცით, როცა არის პატარ-პატარა ბიძგები, ეს პატარა ბიძგები არის საწინდარი იმისა, რომ დიდი ვულკანი აფეთქდება, ეს ვიცით ჩვენ. ზუსტად ეს პატარ-პატარა მიწისძვრები უკვე დაიწყო საქართველოში. ვინც არის სპეციალისტი, მიხვდებიან, რასაც ვამბობ," - აცხადებს გიორგი ფხაკაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×