თამთა ჩაჩანიძე
23.03.2021

პენიტენციური სამსახურის ცნობით, დაწესებულების ექთანს კორონავირუსზე ტესტი 18 მარტს ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხის შემდეგ, იმავე დღეს „ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა. 20 მარტს კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორ და რატომ შეიძლებოდა ეს ასე მომხდარიყო?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული ექთანი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება იმას, თუ აცრის შემდეგ კოვიდი რატომ განუვითარდა, მისი თქმით, შესაძლოა მედდას მანამდე კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, ტესტის ჩატარებისას ინფექცია დაწყებული ჯერ არ იყო და ამის შემდეგ განუვითარდა.

„ეს ქალბატონი ჩვენს საავადმყოფოშია, მძიმედ არაა, სატურაცია ნორმაშია, ტემპერატურა არ აქვს, თავს კარგად გრძნობს და დაკვირვებას ვაწარმოებთ.

„მე ასე ვიცი, რომ ტესტირება 13 მარტს აქვს ჩატარებული. თუ 13-ში ჩაუტარდა და არ ჰქონდა კორონავირუსი, მერე შეიძლება იყო რაღაც კონტაქტი და დაემართა 20-ში.

„თუ 13-ში აქვს ჩატარებული, პრობლემა არაა - ანტისხეულები პირიქით, წამოეწევა და აბსოლუტურად პრობლემა არ ექნება. თუ 18-ში ჩაუტარდა ტესტირება, ანტისხეულები დინამიკაში მაინც წამოვა, დაავადებას არ დაამძიმებს.

„თუ 18-ში ჩატარდა, შეიძლება ამ მედდას მანამდე ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსი იყო ორგანიზმში და მაშინ არ აღმოჩნდა. ანუ ჯერ დაავადება არ იყო დაწყებული. ამის პარალელურად ვაქცინაცია პაციენტს არ დაამძიმებს, არ შეეშინდეს და კოვიდს ჩვეულებრივად გადაიტანს. ალბათ შემდგომში ვაქცინაცია აღარ დასჭირდება," - განაცხადა მარინა ენდელაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ ექთანს კორონავირუსი „ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის შემდეგ დაუდასტურდა.

„2020 წლის მაისის ბოლოდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გადიოდნენ „პი-სი-არ" ტესტირებას, ხოლო 2020 წლის ოქტომბრიდან, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მათ კვირაში ერთხელ უტარდებათ „პი-სი-არ" ტესტირება, ხოლო შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენ ტესტით მოწმდებიან.

„ამ სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, N5 დაწესებულების ექთანს მიმდინარე წლის 15 მარტს ჩაუტარდა „პი-სი-არ" ტესტირება (პასუხი უარყოფითი), ხოლო 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა (პასუხი კვლავ უარყოფითი იყო).

„ამავე დღეს მას გაუკეთდა აცრა კოვიდ-19-ზე. მეორე დღეს, 19 მარტს მის მეუღლეს დაუდგინდა კოვიდ-19, ხოლო თავად ექთანსაც გამოუვლინდა კოვიდ-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ტემპერატურის მატება). იგი მოთავსდა სპეციალიზებულ ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც 20 მარტს დაუდასტურდა კოვიდ-19. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას", - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×