ელზა პაპოშვილი
03.05.2021

უნდა ველოდოთ თუ არა კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო ვირუსით ინფიცირებულთა მატებას? - კლინიკების ხელმძღვანელები უკვე აცხადებენ, რომ მათ საავადმყოფოებში გაზრდილი მიმართვიანობის გამო, ავადმყოფების მიღების რესურსი აღარ აქვთ. ამიტომაც საწოლფონდებს ამატებენ. ჯანდაცვის ექსპერტები კი  ერთკვირიან  უქმე დღეებს ლამაზად შემოპარებულ ლოქდაუნს უწოდებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ შეზღუდვები 11 მაისის შემდეგაც გაგრძელდეს. 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  312 954-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.0%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.6%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1200  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 294 252 მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4163 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 509 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 15, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 4, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 38, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 513, საიდანაც: 4114 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  2298, აჭარაში - 483, იმერეთში - 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 801 პირი, მათ შორის, თბილისში - 383, აჭარაში - 89, იმერეთში -101. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 151 პირი, მათგან თბილისში - 96, აჭარაში - 10, იმერეთში - 8. 790 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 457 - თბილისში, 305 - აჭარაში. 9609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 14.

სულ  6 ოქტომბრიდან - 2 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 593 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 612 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 750 პირი, აჭარაში - 2503, იმერეთში - 1212. 

კოვიდ-19 გავრცელების თავიდაან აცილეების მიზნით კი ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში კონკრეტული რეგულაციები ამოქმედდა. დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს - შეზღუდვა 12 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. მიზეზი გაუარესებული ეპიდვითარება, მიზანი კი მობილობის შემცირებაა. ორი დღით აკრძალულია სასაფლაოებზე გასვლაც. სასაფლაოებთან გზები გადაკეტილია და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აკონტროლებენ პერიმეტრს.

შეზღუდვა არ ეხება დაკრძალვის პროცესს. შსს საზოგადოებას მოუწოდებს, დაიცვან რეგულაციები. მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ საფლავზე მისვლა არ უნდა აკრძალულიყო, ნაწილი კი თვლის, რომ პანდემიის გამო რეგულაციებს ხალხი უნდა დაემორჩილოს.  

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების პარალელურად, კლინიკებში ადგილების დეფიციტია.

ალადაშვილის კლინიკის ხელმღვანელი  ლევან ბესელია ამბობს, რომ ამ ეტაპზე კლინიკა სავსეა და ის დამატებით პაციენტებს ვეღარ მიიღებს.

"გადავსებულია ყველაფერი. ახლა ვერ შევძლებ ვერც ერთი პაციენტის მიღებას",- ამბობს ლევან ბესელია ალადაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი.

ადგილების ნაკლებობაა საპატრიარქოს კლინიკაშიც. რეანიმაციული განყოფილების უფროსი ამბობს, რომ მძიმე პაციენტებს ვეღარ მიიღებენ: "მძიმე პაციენტზე, რომელიც არის გათვლილი ჟანგბადიანი საწოლი აღარ არსებობს. ცხელებაში ორი ადგილი იყო, დავაწვინე ორი ადამიანი. თერაპიის განყოფილება სავსეა, რეანიმაციის განყოფილება სავსეა",- თქვა თინათინ დარჩიამ.

პროფესორი, თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილი ვარაუდობს, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებელი მოიმატებს. მისივე თქმით, აღდგომის ღამეს ეკლესიებში რეგულაციები, მეტ-ნაკლებად, დაცული იყო, თუმცა სოციალურ დისტანციას არ იცავდნენ. 

"ეკლესიაში ყველაფერი იყო ორგანიზებული და დაცული, თუმცა შეინიშნებოდა სოციალური დისტანციის დარღვევა და პირბადის არასწორად მოხმარება.

მე მაქვს მოლოდინი, რომ გაიზრდება ინფიცირებულთა მაჩვენებელი, რადგან არ ვიცით იქ მყოფ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა რაიმე სახის სიმპტომი. 14 რიცხვამდე უნდა მოხდეს საწოლფონდის და მსგავსი ინვენტარის მობილიზება, რადგან შესაძლოა გაიზარდოს ინფიცირებულთა მაჩვენებელი," - აღნიშნა ბულეიშვილმა. 

ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, პანდემიის წინააღმდეგ ერთადერთი საბრძოლო იარაღი ვაქცინაა, თუმცა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არ მიმდინარეობს და ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას მარტივად - ჩაკეტვებით ცდილობს.

"არსებული დასვენებები არის ლამაზად შემოპარებული ლოქდაუნი. ძალიან მარტივი გზით ებრძვის პანდემიას, ეს არის პერიოდული ლოქდაუნები და კომენდანტის საათი, მთავარი საბრძოლო იარაღი, რაც კოვიდის წინააღმდეგაა, ეს არის ვაქცინა და სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი რეალურად არ მიმდინარეობს ",-თქვა სოფო ჯაფარიძემ.

ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი ასევე არ გამორიცხავს, რომ საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვები 12 მაისის შემდეგაც გაახანგრძლივოს, რაც ჩამოშლილ ეკონომიკას კიდევ უფრო დაუმძიმებს მდგომარეობას. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )