ელზა პაპოშვილი
08.06.2021

მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით - მოკლულია 47 წლის მამაკაცი. ადგილობრივების ინფორმაციით, რობიზონ თუთარაშვილი თავდამსხმელებმა დაუნდობლად სცემეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი ადგილზე მიატოვეს. შემთხვევა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში მოხდა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მას იმდენად მძმე დაზიანებები ჰქონდა, რომ მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.  

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა 5 ივნისს მელე-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლი  სცემეს. ცოცხალ-მკვდარი მამაკაცი კი ადგილობრივებმა იპოვეს. როგორც გარდაცვლილის მეზობლები „რეზონანსს“ უყვებიან, ჩხუბის მიზეზი თანხის გამოძალვა იყო. მამაკაცს დამნაშავეები ფულს სისტემატიურად სთხოვდნენ, ახლა კი მძღოლმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და უთხრათ, რომ ფულს აღარ მისცემდა. სწორედ ამის გამო ის სასტიკად სცემეს. 

ამ დანაშაულზე ორი პირია დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარს ლენტეხის პოლიციის სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

„წლებია ეს ბიჭი ამ ხაზზე მუშაობდა და ძალიან კარგი ადამიანი იყო. მისგან ცუდი არავის ახსოვს. მგზავრებით ტრანსპორტი რომ დაუცლია, ცემენტი ჰქონია ოჯახში მისატანი, მიუტანია და იქ სახლში შეუპატიჟებიათ. ოჯახის უფროს უთქვამს, უქეიფოდ ვერ გაგიშვებო და სუფრასთან მჯდარა, ვიღაცას რომ  დაურეკია. უთქვამს - გავალ, თბილისში რაღაც უნდა გამატანონ, გამოვართმევ და დავბრუნდებიო. გავიდა და აღარ დაბრუნდა. დაეჭვდნენ ამდენი ხანი სად წავიდა  და მოსაძებნად გამოვიდნენ. 

„იქვე სახლთან, 20 მეტრში დასისხლიანებული იპოვეს. თავი გაჩეჩქვილი და თვალები დაზიანებული ჰქონდა. საშინელი სანახავი იყო. ექიმმა თქვა - ძალიან მძიმე საგანი აქვს რაღაც ჩარტყმული და ფაქტიურად მკვდარიაო. მხოლოდ გული ფეთქავდა, ტვინი უკვე აღარ იყო. ხელიც არ წაავლეს და ოპერაციაზე უარი თქვეს. 

„ამბობენ, ორი კაცია დაკავებული, რომლებიც თურმე ფულს სთხოვდნენ. სისტემატიურად სძალავდნენ  და ამაზე შელაპარაკებულან. ვინ არიან და რა საერთო ჰქონდათ ამ ბიჭთან, ჯერ არ ვიცით“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“ 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×