ელზა პაპოშვილი
11.06.2021

უმძიმესი ფაქტი კახეთში -16 წლის მოზარდს  8 წლის ბიჭის გაუპატიურებას ედავებიან.  როგორც 8 წლის ბავშვის დედა ყვება, ფაქტს თავად შეესწრო და ამ შემზარავი ამბის შესახებ პოლიციასაც მანვე აცნობა. დედა ამბობს, რომ  16 წლის ბიჭი ინკლუზიური საჭიროების მქონეა. მოზარდი მათი მეზობელია და  ბავშვთან მეგობრობდა.  მას აზრადაც არასდროს მოსვლია, რომ მსგავსი რამ შესაძლოა მომხდარიყო.  

ის დანაშაულის დღეს იხსენებს და ამბობს, რომ ბავშვი აღნიშნულ პიროვნებასთან ერთად ტელეფონით  სახლში მულტფილმებს უყურებდა. დედამ მას დაუძახა და ჰკითხა, ოთახში რას აკეთებდნენ, ბავშვმა უპასუხა, რომ ერთობოდნენ და ოთახიდან მალევე გამოვიდნენ. 15 წუთის შემდეგ დედამ ოთახში შეიხედა და  ბავშვი საშინელ მდგომარეობაში ნახა. მას საძინებელში დახვდა სურათი რამაც აფიქრებინა, რომ მისი შვილი გააუპატიურეს. სწორედ ამის გამო მან ადგილზე პოლიცია გამოიძახა. ახლა ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება. 

სასამართლოს პირველმა ინსტაციამ 16 წლის მოზარდი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, რაც შემდეგ პროკურატურამ გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნამდე მოზარდის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. მოზარდის ოჯახი კი ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს და 8 წლის ბიჭის დედის მონაყოლის არ სჯერა.     

„არ ვიცი ამ ბავშვისთვის ცუდი არასდროს შემიმჩნევია. ჩემს შვილთან მეგობრობდა. რამე მსგავსი რომ შემენიშნა ან დავეჭვებულიყავი, სახლშიც არ შემოვუშვებდი. სტუმრად მოვიდა და ბავშვთან ერთად საძინებელში ტელეფონში რაღაცას უყურებდნენ. უყურადღებოდაც არ დამიტოვებია. შევეხმიანე და ვკითხე მანდ რას აკეთებთ-მეთქი. მითხრა, რომ ტელეფონში რაღაცას ვუყურებთ და მოვალთო. ასე 15 წუთის მერე ოთახში შევედი და ასეთი საზარელი ფაქტის შემსწრე გავხდი. ბავშვი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვნახე. როგორ წარმოვიდგენდი, რომ ეს მოხდებოდა. მეც და ბავშვიც ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ  მდგომარეობაში ვართ“, - ყვება 8 წლის ბიჭის დედა.  

დაკავებული  მოზარდის უფლებადამცელი ლალი ჩაველაშვილი კი „რეზონანსთან“  მბობს, რომ მისი დაკავება უკანონო და უსამართლოა, რადგან საქმეში არანაირი მტკიცებულებები არ დევს, რომელიც დანაშაულს დაადასტურებდა. გარდა ბავშვის დედის ბრალდებისა, ბროკურატურას სხვა მტკიცებულებები არა აქვს. ადვოკატიც ახლა ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი, ჰქონდა თუ არა 8 წლის ბიჭზე სექსუალურ ძალადობას ადგილი.   

„ბავშვის მიმართ მოხდა თუ არა სექსუალური სახის ძალადობა, ჯერ არავინ იცის. გამოძიებას მხოლოდ 8 წლის ბიჭის დედის ზეპირი ჩვენება აქვს. რასაც ის ჰყვება, ამის გადამოწმება ექსპერტიზამ უნდა მოახდინოს. ჯერჯერობით პასუხი არ არის და გაუგებარია მოზარდის დაკავება რა საჭირო იყო. ის არის ინკლუზიურ სწავლებაში ჩართული და მას გარკვეული სახის დახმარება სჭირდება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მისი დაკავება იმ მოტივით ახსნა, რომ  გონებრივი შესაძლებლობების გადამოწმება ამბულატორიული წესით უნდა მოხდეს. ანუ, უნდა დადასტურდეს რეალურად მოზარდი თავის ქმედებას ათვითცნობიერებდა თუ არა. არადა არსებობს ფსიქოლოგების დასკვნა, რომ მოზარდს ასაკთან განსხვავებით გარკვეული გონებრივი ჩამორჩენა აქვს. ამიტომ რა საჭირო იყო მისი დაკავება, გაუბერია. ასევე არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს, რომ ბავშვმა მსგავსი დანაშაული ჩაიდინა“, - ამბობს ადვოკატი „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×