ელზა პაპოშვილი
14.06.2021

ოკუპანტების მიერ უკანონ ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი სოფელ ციცაგიანთკარში ჩავიდა. საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი პირის ახლობლებს დიპლომატებთან შეხვედრა სურდათ. მათ ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გაესაუბრა, რის შემდეგაც ელჩმა მედიასთან თქვა, რომ ზაზა გახელაძის შემთხვევა არის მაგალითი, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში.

პარალელურად, ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს. მათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიმართეს  თხოვნით, რომ გამოიყენონ ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რათა ზაზა გახელაძე უკანონო ტყვეობიდან დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული.  

ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური „რეზონანსთან“ საუბარში ამბობს, რომ მართალია ხელისუფლება მისი შვილის გასათავისუფლებლად მუშაობს, მაგრამ, თუ კი პირდებიან, რომ მას კონკრეტულ ვადაში დააბრუნებენ ეს დაპირება უნდა შეასრულონ. მისი  თქმით, ხვალ ხელისუფლება საკითხს ერგნეთის შეხვედრაზე უფრო მწვავედ დააყენებს და იმედი აქვს რაღაცა კონკრეტული შედეგი დადგება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ოჯხათან ერთად ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე გადავა. 

„23-ში ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს და არ ვიცი, ან იქითა მხარეს გადავალ და ჩვენც ჩავბარდებით ან ესე აღარ გავჩერდებით. სხვა გზა აღარ გვაქვს, რა აზრი აქვს ჩემს აქეთ ყოფნას, როცა ვიცი ჩემი შვილი იქაა და ვერაფერს ვშველი. 

“მირჩევნია მითხრან, რომ დრო არ ვიცით, ვმუშაობთ და რაღაცას ვიზამთ, ვიდრე ასეთი ფუჭი მოლოდონი მქონდეს. როდესაც მეუბნებიან, რომ მაქსიმუმ ერთ კვირაში ან თვის ბოლოს გამოვაშვებინებთო, ეს დაპირება ხომ უნდა შესრულდეს.უკვე რამდენჯერ გვითხრეს ასე, მაგრამ არაფერი არ ხდება. 

“ყველაფერი მესმის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ჩართულები და გულზე ხელდაკრეფილები არ სხედან, მაგრამ შედეგი მინდა და 11 თვეა უკვე ეს შედეგი არა დადგა.  დღეს და რიცხვებს მაინც ნუ გვატყუებენ “ - ამბობს ზაზა გახელაძის დედა „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ყოველი ერგნეთის შეხვედრის წინ იმედს აძლევენ, რომ ამ შეხვედრაზე თუ არა ზაზას გათავისუფლება იმ შეხვედრამდე მოხდება. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაისის ბოლოც კი დაასახელა, თუმცა ზაზას შესახებ ჯერ ისევ არაფერი ისმის. ჯერჯერობით მხოლოდ დაპირებები და ფუჭი იმედი აქვთ. 

„ხვალ  ერგნეთის შეხვედრაა და ჩვენც იქ მივალთ. მართალია შეხვედრას  არავინ დაგვასწრებს, მაგრამ იქნებ ხვალ მაინც რაღაცა გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. თუ არადა სახლში გაჩერებას აღარ ვაპირებთ. იძულებულები ვართ ეს ნაბიჯი გადავდგათ. სხვა გამოსავალი აღარ დაგვრჩა.

“ამდენი ხანია გაჩუმებულები ვართ და მთავრობის ქმედებას ველოდებით. თუ ჩემს შვილს 12 წელი მიუსაჯეს, მეც ხომ მაგდენს არ მომისჯიან. წავალ და ჩავბარდები, იქნებ მერე ერთნაირად გაგვიშვან. მე, ჩემი ქმარი და შვილი წავალთ. 

“მთელი სოფელი ამბობს წამოვალთო, მაგრამ მათ ოკუპანტების ხელში ხომ არ ჩავაგდებ. წავალთ და ოჯახი ჩავბარდებით. არ ვიცი რა მოხდება, ამაზე უარესი რაღა შეიძლება დაგვემართოს? 

“ამერიკის ელჩი დახმარებას დამპირდა, მაგრამ ეს საქმე მან პირველად არ გაიგო. ტელევიზიით  ზაზა გახელაძე ბევრჯერ ახსენა და ოჯახსაც დახმარება აღგვიქვა, მაგრამ შედეგი არ დამდგარა. ამჯერად პირადად ვნახე და მართლა გული შესტკივა. ნახა რა დღეშიც ვარ,  უბრალოდ შედეგი გვინდა, დაპირებების აღარ გვჯერა. ჯერჯერობით ხელისუფლების წარმომდგენელი არავინ შეგვხმიანებია“, - ამბობს ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური „რეზონანსთან“. 

მოხარული ვარ, რომ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის საშუალება მომეცა, ეს არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი აქ, საქართველოში,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

„ამას თავის შედეგები ექნება. ეს მაძლიერებს, დავადასტურო აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტის მიმართ.

რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი, უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და უნდა შეცვალოს მიერ მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადაწყვეტილება,“-განაცხადა ელჩმა. 

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი ამბობს, რომ საქართველო იყენებს ყველანაირ რესურსს, რათა ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს.

"ეუთოს თანათავმჯდომარემ თავის მხრივ აღუთქვა ოჯახს, რომ ხვალ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში აუცილებლად მწვავედ დააყენებს კიდევ ერთხელ ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხს.

საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური კონსოლიდირებული ძალისხმევით იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, რათა მოგვარდეს უკანონო დაკავების აღნიშნული ფაქტები,“ - აცხადებს თეა ახვლედიანი.

33 წლის ზაზა გახელაძე გასული წლის 11 ივლისს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს. ე.წ. მესაზღვრეებმა ის ჯერ ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი თავისუფლება აღუკვეთეს.

ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×