ელზა პაპოშვილი
16.06.2021

ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლი ქალი - სოფელ ნახიდურში 49 წლის კაცმა 40 წლის ცოლი სცემა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან” ჰვებიან, ცოლ-ქმარი სახლში მარტონი იყვნენ, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

ზუსტად არავინ იცის რა გახდა მათი კონფლიქტის მიზეზი. მათი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ქალმა ცემის დროს გონება დაკარგა. საავადმყოფოში მიყვანისას კი მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. 

ქალს თავში ბლაგვის საგნით მძიმე დაზიანება ჰქონდა მიყენებული. ხოლო თავის ტრამვის გამო ის დაიღუპა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს 3 შვილი ჰყავთ, რომლებიც ჩხუბის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ. 

მოძალადე ქმარი პოლიციელებმა ცხელ კვალზევე დააკავეს. მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახში კონფლიქტის ან ჩხუბის ხმა არ გაუგონიათ. მათ ჩხუბს არასდროს შესწრებიან და გაუგებარია, რა გახდა ასეთი მძიმე დანაშაულის მიზეზი. 

„ჩვეულებრივი ოჯახია, სამ შვილი ჰყავთ. მეზობლებს კონფლქტის ხმა არ გაგვიგია. მხოლოდ ქმარი გამოვარდა და თქვა, რომ მისი ცოლი ცუდად იყო. სასწრაფო გამოიძახეს  და რომ შევიდნენ, ნახეს, ქალი ნაცემი იყო. ზოგი ამბობს, რომ თავში რაღაცა ბლაგვი საგანი დაარტყა და ამის გამო თავი დაუზიანდა. არის ვერსიაც, რომ ცემის დროს დავარდა და თავი დაარტყა. რა დაუშავა და რა გახდა კონფლიქტის მიზეზი არ ვიცით. 

“სახლში მხოლოდ ცოლ-ქმარი იყვნენ. შვილები არ ყოფილან. საავადმყოფოში რომ წაიყვანეს, უკვე უგონო მდგომარეობაში იყო. მძიმე თავის ტრამვა ჰქონდა და ვეღარ უშველეს. 

“ქალი 40 წლის არის და კაცი 49 წლის. სმითაც დიდად არ სვამდა და არც რაიმე სხვა პრობლემები ჰქონია, ამიტომ რთულია იმაზე საუბარი ორ ადამიანს შორის რა მოხდა“, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. 

“მას ბრალი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 12 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1981 წელს დაბადებულ ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ რ.მ. ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა – 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.” – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×