ელზა პაპოშვილი
21.07.2021

სასტიკი მკვლელობა მარნეულის სოფელ ქვემო სარალში - მარნეული დაპირისპირების ზღვარზეა, რადგანაც ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლი და  სიმამრი მოკლა. ასევე, დაჭრა ყოფილი სიდედრი და ცოლისძმა. 

სისიხლიანი ანგარიშსწორების შემზარავ ამბავს „რეზონანსთან“ ადგილობრივები ყვებიან და ამბობენ, რომ ქალი ქმარს 3 თვის წინ გაშორდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი კი წუხელ ფირილოვების სახლში შეიარაღებული მიიჭრა. ცოლს გარეთ გამოსვლა მოსთხოვა, რომელსაც თან ეზოში მამა გამოჰყვა. გარეთ გამოსულ სიმამრს სიძემ ესროლა, დაბლა წაქცეულ მამას კი გოგო გადაეფარა. მამაკაცმა კი ყოფილ ცოლსაც ესროლა, ამის შემდეგ კი ორივეს ავტომობილით გადაუარა. მამა-შვილი ადგილზევე გარდაიცვალა. 

დაჭრა სიდედრი და ცოლისძმაც, რომლებიც ასევე ეზოში სიტუაციის გასარკვევად  გამოვიდნენ. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, რადგანაც ჭრილობები ხელის და ფეხის არეში აქვთ მიყენებული. 

მეზობლები ამბობენ, რომ სროლის ხმაზე ისინი სახლში შევიდნენ და საზარელი სურათი დახვდათ. ოჯახის 4 წევრი სისხლში ეზოში ცურავდა. გოგო და მისი მამა უკვე გარდაცვლილები იყვნენ. ხოლო ქალი და ახალგაზრდა ბიჭი საკუთარი ავტომობილებით ადგილობრივებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ამის შემდეგ კი გაბრაზებული ნათესავები სიძის, ელჩივ ალიევის სახლში მიცვივდნენ. ეზოში მდგარი ავტომობილები ბარით, თოხით და სხვა რკინის  ხელჯოხებით დააზიანეს. სიძის მამა სასტიკად სცემეს. ის უგონო მდგომარეობაში მართვით სუნქვაზე იმყოფება. მამაკაცს სახის ძვლები აქვს დამტვრეული. სიძის დედამ კი ბავშვთან ერთად თავს გაქცევით უშველა. 

დამნაშავე პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავა. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის. წყვილს სამი არასრუწლოვანი შვილი ჰყავთ.   მამაკაცი 29 წლის არის, მოკლული ცოლი კი 26 წლის. 

სოფელში ამ ეტაპზე პოლიციაა მობილიზებული, რადგანაც ქალის ნათესავებმა შურისძიება  კვლავ არ სცადონ. 

„ძალიან დიდი უბედურება მოხდა. არავინ იცის რა გახდა ამ სასტიკი დანაშაულის მიზეზი. სამი შვილი ჰყავთ და 3 თვის წინ ქმარს გაშორდა. ამბობდა, რომ მასთან ცხოვრება აღარ შეეძლო. 

“საცოდავი გოგო, როგორც ჩანს მართალი ყოფილა, მაგრამ თავს მაინც ვერ უშველა. ასეთი სისასტიკე შვილების დედის მიმართ, როგორ შეიძლება კაცმა ჩაიდინო. გამთენიისას ყოფილი ცოლის სახლში მისულა. დაუძახია, რომ საქმე ჰქონდა და გარეთ გასულიყო. გარეთ გამოსულ გოგს ეზოში მამაც გამოჰყოლია. ჯერ სიმამრისთვის უსვრია, დაჭრილს შვილი გადაფარებია და ცოლსაც ესროლა. შემდეგ ორივეს ავტომობილით გადაუარა. ორივე ადგილზე დაიღუპა. 

“ხმაურზე გამოსულ გოგოს დედას და ძმასაც ესროლა. 4-ვე  დაუნდობლად ჩაცხრილა. დედა და ძმა ადგილობრივებმა ავტომობილით საავადმყოფოში წავიყვანეთ. გამწარებული ნათესავები სიძის სახლში მივარდნენ და მას ეძებდნენ. მამა სცემეს და დედამ თავს გაქცევით უშველა. 

“როცა ადამაინი ასეთ სისატიკეს ჩაიდენს, როგორ გინად რომ მოითმინო. 3 შვილი დააობლა. დიდი უბედურება ტრიალებს. ირაღის საყიდლად გამოცდები ჩაუბარებია. ზუსტად მკვლელობის დღეს აუღია საბუთი და იარაღიც იყიდა. დაულევია და სახლში ასე მიუვარდათ. რამდენიმე წუთის განმავლობაში ისროდა“,-ამბობს  ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.          

მკვლელობაში ბრალდებულის დედა საია ალიევა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის სერიოზულ კონფლიქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც ყოფილი რძლის ახლობლები მის სახლში მივიდნენ და მის ქმარს სცემეს:

"შემთხვევას არ შევსწრებივარ, არც ჩემი შვილი მინახავს... 12 საათზე ღამე ხმაური გავიგეთ, ჩემი ყოფილი რძლის ოჯახის ნათესავები ჩვენთან შემოვიდნენ, სცემეს ჩემს მეუღლეს, ამ დროს შევიტყვე მომხდარის შესახებ. 3 თვეა ჩემი შვილი მეუღლეს გაშორდა, რაიმე სერიოზულ კონფლიქტს მათ შორის ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის დროს ბავშვები ჩემთან იყვნენ. არ ვიცი ზუსტად რა მოხდა," - აცხადებს საია ალიევა.

შსს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, უწყების ინფორმაციით დაკავებულია 2 პირი:

"პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი - 1970 წელს დაბადებული ტ. პ. და 1994 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს.

ტ.პ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, ხოლო 1994 წელს დაბადებული ი.პ. სამართალდამცველებმა სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ამ დროისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულმა, 1992 წელს დაბადებულმა ე.ა.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 პირი მოკლა და 2 პირის მკვლელობას შეეცადა, მოკლულთა ახლობლები - ტ.პ. და ი.პ. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ. ტ.პ.-მ ნიჩბის გამოყენებით ე.ა.-ს მამას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ხოლო ი.პ.-მ მისი ოჯახის კუთვნილი ორი ავტომობილი დააზიანა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს," - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×