ელზა პაპოშვილი
21.07.2021

კოვიდსტატისტიკა კვლავ მზარდია. გასული დღე-ღამის განმავლობაში 2415 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი - ეპიდემიოლოგების განხილვის საკითხი კვლავ შეზღუდვების დაწესებაა. მედიკოსები საქართველოში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობენ და მოსახლეობას დროულად აცრასა და უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა. მისივე თქმით, ბავშვებისთვის ქვეყნის მასშტაბით 6000-მდე საწოლია მობილიზებული. 

"6000-მდე საწოლია მობილიზებული, გუშინ დაემატა კიდევ საწოლები, რომლებიც აღარ მონაწილეობდნენ პროგრამაში იმის გამო, რომ შემთხვევების რაოდენობა იყო დაბალი. ასევე მობილიზდა დამატებით ბავშვთა საწოლები. 

“გარკვეული შეფერხება არის სასტუმროებში პაციენტების გადაყვანასთან დაკავშირებით. არის ბევრი მსუბუქი, უსიმპტომო შემთხვევა, რომელსაც არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. დამატებით სასტუმროების მობილიზებაც ხდება, დღე დაემატა 2 სასტუმრო და კიდევ მიდის მუშაობა ტურიზმის დეპარტამენტთან,"- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე თამარ გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიის შესაჩერებლად აუცილებელია აცრა და შესაბამისი წესების დაცვა:

“ყველა, ვინც აცრილები არ ბრძანდებით, წაბრძანდეთ და აიცერით სულ ყველა და რაც დღეს გაკეთდა, რომ არცერთ შეკრებაზე აუცრელი ადამიანი არ უნდა იყოს დაშვებული, დღეს მე თვითონ მოვედი ჩემი აცრის სტატუსით, რომ არ დამერღვია წესი. თუ ყველა მოქალაქე გააკეთებს, რომ აიცრება და არ დაარღვევს წესებს, რომელიც რეკომენდებული და დანერგილია, დარწმუნებული იყავით, რომ შევაჩერებთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.    

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ წლამდე ასაკის ბავშვებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში ჰოსპიტალიზება აუცილებელია.

"წლამდე ასაკის ბავშვი, რომელსაც ოჯახში საეჭვო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აქვს, ხველა, სიცხე ან რაიმე მსგავსი, ეს ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს არამხოლოდ ექიმთან, არამედ სტაციონარში მიმართული.

წლამდე ასაკის ბავშვებში თუ კორონავირუსი დადასტურდა, მათი ჰოსპიტალიზება აუცილებელია, რადგან ამ ასაკში გართულების რისკი არის მაღალი,"- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.  

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კი აცხადებს, რომ საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანია აცრილი, უმეტესობა კი ამბობს, რომ ბრენდულ ვაქცინებს ელოდებიან. 

"ვინც აცრილები არიან, ისინი დღეს დაცულები არიან მძიმე მიმდინარეობისგან. ასეთი ადამიანი კი დღეს ნამდვილად ძალიან ცოტაა. 

ძალიან გვიხაროდა გუშინწინ 12 000 ადამიანი რომ აიცრა. სისტემას შეუძლია ამის ატანა, მაგრამ ძალიან ბევრი ელოდება რაღაც ბრენდულ ვაქცინას.

მე ჩემი ოჯახი ერთ-ერთი ჩინური ვაქცინით მყავს აცრილი და მე "ასტრაზენეკათი" ვარ აცრილი.

მალე ის ვაქცინებიც შემოვა და მერე ვნახოთ, რამდენად გულწრფელები არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ ამითი კი არ ავიცრები, იმითი ავიცრებიო და ამასობაში, ადამიანები იღუპებიან,"- ამბობს პაატა იმნაძე.   

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ვატო სურგულაძის განცხადებით, საქართველოში ბოლო დღეებში ეპიდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია მკვეთრად გაურესდა.

როგორც სურგულაძემ აღნიშნა, ქვეყანაში არც ერთი არსებული რეგულაცია არ სრულდება, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურები სიტუაციას ვერ აკონტროლებენ.

„გაუარესდა ყველა ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი: დაინფიცირებულების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი (ბოლო 7 დღის - 5,24%), გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო 1,395 , აზერბაიჯანი 495, ინდოეთი 300, მსოფლიო 235 (ბოლო სამი თვის მონაცემებით ერთერთ პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში), გარდაცვლილი ბავშვები, უკვე გადატვირთული საავადმყოფოები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ვაქცინაციის ჩავარდნილი პროცესი (ასაცრელი მოსახლეობის მხოლოდ 2.81 % არის სრულად ვაქცინირებული).

საქართველო გამოცხადდა წითელ ზონად და ბევრი ქვეყანის მთავრობა თავის მოქალაქეებს არ ურჩევს საქართველოში ტურისტული ვიზიტით ჩამოსვლას.

ასეთი მდგომარეობა მოსალოდნელი იყო, რაზეც „ლელო საქართველოსთვის“ არა ერთხელ აფრთხილებდა ხელისუფლებას.

ქვეყანაში არ სრულდება არცერთი არსებული რეგულაცია, სახელმწიფო სტრუქტურები არ ან/და ვერ აკონტროლებენ სიტუაციას. თითქმის სრულად იგნორირებული ნიღბების ტარების, დისტანციის დაცვის, მასობრივი შეკრებების (ქორწილები, ქელეხები, დაბადები დღეები) აკრძალვის მოთხოვნები. განსაკუთრებით ეს ხდება საკურორტო ზონებში. ასევე არ კონტროლდება შემოსული ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ქვეყანაში საჯაროდ არ არის ცნობილი ვაქცინაციის გეგმა, და თუ სადმე არსებობს ის ნამდვილად არ სრულდება. იმისათვის, რომ წლის ბოლოს მივაღწიოთ 60 % ვაქცინირების მაჩვენებელს, დღეში საშუალოდ 30 000-33 000 ვაქცინა უნდა გაკეთდეს. (ჩვენი მაქსიმუმი ოდნავ აღემატება 11 000 ვაქცინირებულს დღეში).

რა უნდა გაკეთდეს? იმისათვის, რომ შევცვალოთ შედეგი, უნდა შევცვალოთ სისტემა.

„ლელოს“ გააჩნია საკუთარი გეგმა, როგორ სწრაფად, მინიმალური ეკონომიკური დანაკარგებით, ადამიანის სიცოცხლის მინიმალურ შეწირვით გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, მაგრამ მთავრობა არ გვისმენ. ხელისუფლება თავისი არაპროფესიონალიზმით და უპასუხისმგებლობით მიაქანებს ქვეყანას ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კატასტროფისაკენ.  ქვეყანა რომ გადარჩეს, ეს მთავრობა უნდა გადადგეს", - განაცხადა ვატო სურგულაძემ.            

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×