ხატია ბერიძე
07.10.2021

ბუსტერით აცრის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, დარჩენილია ტექნიკური დეტალები და ის ალბათ მომდევნო კვირიდან დაიწყება, აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე.

ის საუბრობს იმაზე, თუ როდის, რომელ ვაქცინებზე და რა შემთხვევაშია ბუსტერის გაკეთება რეკომენდებული.

,,ბუსტერის დოზა არ ეხება ყველა ვაქცინას. საქართველოში არსებული ვაქცინებიდან ,,ასტრაზენეკას" მწარმოებელი აცხადებს, რომ მისი ვაქცინა ორი დოზის შემდგომ არ საჭიროებს ბუსტერ დოზას, ვინაიდან მისი იმუნიტეტი გრძელდება ხანგრძლივად, ხოლო, რაც შეეხება ,,ფაიზერით" აცრილ მოქალაქეებს, ბუსტერ დოზის გაკეთება ექვსი თვის შემდეგ შეუძლიათ. „ფაიზერთან" დაკავშირებით უკვე დადგენილია, რომ გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ მნიშვნელოვნად კარგავს დამცველობით ძალას. საქართველოში ყველაზე მეტი ,,ფაიზერით" არის ვაქცინირებული, მათ ექნებათ შესაძლებლობა ბუსტერის მიღების, გარკვეული ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ბუსტერ დოზის გაკეთება 50 წლის შემდეგ შეუძლიათ. ფაიზერით აცრილი 50 წლამდე ასაკის მოსახლეობის მხოლოდ ის ნაწილი შეძლებს ბუსტერის მიღებას, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ", -განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ბუსტერის საკითხი საქართველოში არსებული ოთხივე ვაქცინასთან დაკავშირებით განსხვავებულია.

,,სინოფარმსა" და ,,სინოვაკთან" დაკავშირებით ბუსტერის საკითხი ადამიანების გადასაწყვეტია, რადგან ,,სინოფარმთან" დაკავშირებით არ არის დაფიქსირებული, რომ მას სჭირდება გაძლიერება. თუ თქვენ სტანდარტულად მოქმედებთ და იკეთებთ „ბუსტერს", ეს არის მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვე. თუ თქვენ რაღაც პირობების გამო საზღვარგარეთ გიწევთ წასვლა - ეს იქნება სწავლა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მინიმუმ, 28 დღე უნდა იყოს გასული წინა ვაქცინიდან თქვენ, რომ გაიკეთოთ ბუსტერი. ამ მიზნით „სინოფარმის" გაკეთების შემდეგ „ფაიზერით" ბუსტერი უნდა იყოს ორი დოზა. ამასთან, ამ მოქალაქეებს „ბუსტერი" შეუძლიათ გაიკეთონ როგორც „სინოფარმით", ისე „ფაიზერით","- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×